უმძიმესი ვითარებაა. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას „ქართული ოცნება“ ზემოდან უმატებს კონსტიტუციის უგულებელყოფას, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას, კლანური მართლმსაჯულების ნათელ გამოვლინებას და სამწუხაროდ, კიდევ ერთ მძიმე დარტყმას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებით, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებასთან დაკავშირებით ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არ არსებობს კონსტიტუცია, კანონი, ქვეყანას მართავს კლანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და უნდა, თავად გამდიდრეს, ხალხი იყოს უკიდურესად მძიმე ვითარებაში და ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ხელისუფლება.
„ამ უმძიმესი ვითარებიდან გამოსავალი არის ერთიანობა. დიახ, ერთიანობით ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ, რომ ეს ბედუკუღმართი ყველა ნაბიჯი, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები, უმოკლეს ვადაში აღვმოვფხრვათ და დაჩქარებული წესით წავიდეთ ევროკავშირისკენ. ამ გზით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. ეს არის ორჯერ ორი ოთხი, მაგრამ 26 ოქტომბერს შეუძლია, შეიყვანოს საქართველო ევროკავშირში დაჩქარებული წესით. ამიტომ გვჭირდება ერთიანობა, წინსვლა და ამიტომ გვჭირდება გამარჯვება ყველას ერთად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კ.წ.-ის დანიშვნის შესახებ.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტის შეჩერება პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევაა“.
ცნობისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი 15 ივლისს დანიშნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნულ კახა წიქარიშვილს სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ: მანუჩარ კაკოჩაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, თამარ ალფაიძე, დიმიტრი გაბუნია და კახა წიქარიშვილი.