არ გამოვრიცხავ სცენარს, რუსეთთან ერთად პროვოკაცია დაიგეგმოს - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„თუ გვინდა, რომ თვალები დავიბრმაოთ და დავიყრუოთ თავი, მაშინ „ქართულ ოცნებას“ უნდა დავუჯეროთ, ხოლო თუ სიმართლეს გვინდა თვალი გავუსწოროთ, ჩვენ გვყავს რუსეთის პარტნიორი რეჟიმი. ფრენების გახსნა არ არის უბრალოდ ფრენების გახსნა, ეს არის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება. არავინ არაა მაგის პატარა ბავშვი, რომ დაიჯეროს, რომ უცებ რუსეთში ვიღაცას დაესიზმრა და ფრენები გახსნა საქართველოსთან ან შემთხვევით მოხდა, რომ გემებმა დაიწყეს ნოვოროსიისკის მიმართულებით სიარული, ან პუტინმა დღისით, მზისით გაიღვიძა და და უცებ სავიზო რეჟიმის გაუქმება მოუნდა. ეს არის დაწერილი სცენარი, რომლითაც „ქართული ოცნება“ მოქმედებს. ისინი ყველა თემას ამზადებენ, პირდაპირი ფრენები იქნება თუ ვიზები, უბრალოდ ფაქტის წინაშე კი არ დავდექით, 3-4 თვეა მზადდება. გაგახსენებთ, აბაშიძე-კარასინის ჩანაწერები რომ გამოქვეყნდა, გახსოვთ იქ რაზე იყო საუბარი? „ტრანსპორტის სამინისტრო თქვენს სამინისტროს ელაპარაკა“, სხვადასხვა ჯგუფები მუშაობენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად.
„ბოდიში და არაფრის თავი ახლა რუსეთს არ აქვს. სამაჩაბლოში სულ სამი ცალი ტანკი დგას. რეალურად „ქართული ოცნებაა“ დაინტერესებული ესკალაციით, „ქართულ ოცნებას“ უნდა რუსეთთან ომი. ოღონდ რა კუთხით იცით? რომ ეს გაათამაშოს ქვეყნის საგარეო ვექტორის საბოლოო ცვლილებისთვის. მე არ გამოვრიცხავ ასეთ სცენარს, რომ რუსეთთან ერთად დაიგეგმოს პროვოკაცია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.