სტრასბურგის გადაწყვეტილებები ყოველთვის ეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, ფაქტია, 2019 წელს, გავრილოვის ღამის აქციებზე დარღვეული იქნა ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების იმედი აღარ აქვთ.
„დარღვეულია სამი მუხლი – შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებასთან დაკავშირებული მე-11 მუხლი, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე-10 მუხლი და ცალკეულ შემთხვევაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მე-3 მუხლი, წამების მუხლი, არასათანადო მოპყრობა. ეს არის „საიას“ ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი და მადლობა მას, რადგან ადამიანებს, საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში აღარ აქვთ იმედი, სახელმწიფო ინსტიტუტების. სახელმწიფო არის ის, ვინც ჩაგრავს და ადამიანის უფლებებს არღვევს. ერთადერთი შუქურა დარჩა, სტრასბურგის სასამართლო, სადაც ადამიანებმა შეიძლება, სამართალი იპოვონ. ეს კიდევ ერთხელ არის იმის დადასტურება, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის არსებობა“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
კითხვაზე, ხედავთ თუ არა საქმეში გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას, გიორგი სიორიძე პასუხობს, რომ არ სურს დეტალებში შესვლა.
„სტრასბურგის გადაწყვეტილებაში, მათ შორის, არის კონკრეტული ჩანაწერი, სადაც პერსონალურ პასუხისმგებლობაზეც არის საუბარი. ზოგადად, სტრასბურგის გადაწყვეტილებები არ ეხება პერსონებს. სტრასბურგის გადაწყვეტილებები ეხება სახელმწიფოს, ამიტომაც არის ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი სახელმწიფო და სახელმწიფოში ვინც არის მართვის სადავეებთან, ეს არის პოლიტიკური გუნდი, „ქართული ოცნება“. რაც შეეხება გაუარესებას, ფაქტია, ნორმატიული ბაზა 2019 წელთან მიმართებაშიც კი არის გაუარესებული, მათ შორის აქციის, დემონსტრაციის დაშლის დროს ორი ან მეტი სხვადასხვა საშუალების პარალელურ რეჟიმში გამოყენება, რაც გასული წლის დეკემბრის აქციებზეც გამოვლინდა“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.
„ეს ნიშნავს, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. სტრასბურგის სასამართლო არ ასრულებს გამოძიების საჭიროებას, პირიქით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გამოძიება უნდა დაიწყოს და ინდივიდუალურ შემთხვევებში კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში ეს იქნება სრული ფარსი, როგორც სუს-ის ხუთდღიანი გამოძიება იყო ფარსი“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.




