ექვსი წელია, ჩვენ ვითხოვთ „ქართულ ოცნებასთან“ დებატებს, ყველა საარჩევნო ციკლში ამას ვაკეთებდით და ყოველთვის მათგან იყო ან უარი, ან იგნორი, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„საზოგადოებას აქვს წარმოდგენა, რომ აი, მართლა ასეთი კეთილშობილური ინიციატივა აქვს? ყველაფერში უნდა დავინახოთ, რეალური მიზანი რა აქვს რეჟიმს ამ შემთხვევაში. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ დებატებშიც მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე, ოღონდ, იმ საკითხებზე, რომელიც არის ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენი პარტიის ნებისმიერი სპიკერი მზად არის, რომ 100-0 მოუგოს „ქართული ოცნების“ ნებისმიერ სპიკერს, ოღონდ, საქმე რაშია იცით? ჩვენ ვართ ის პარტია, რომელმაც 2022 წელს დავაინიცირეთ საკანონმდებლო ინიციატივა სავალდებულო დებატების შესახებ. მაგრამ როდესაც 2024 წლის არჩევნები არის მიტაცებული, ძალაუფლება არის მიტაცებული, ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული, ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა არის გაუქმებული, გვყავს სინდისის პატიმრები ამ ქვეყანაში, არის პოლიტიკური დევნა, თავისუფალი მედიის დევნა, ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს პატიმრობას რომ უსჯიან და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომ აქვთ, ქიმიური მოწამვლის საქმე რომ არის დაკიდებული ახლა მათთვის დამოკლეს მახვილივით, იმიტომ, რომ ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა, როდესაც კორუფციაში იხრჩობა ეს ქვეყანა და მათივე პრემიერ-მინისტრი, სუს-ის ყოფილი უფროსი, მთავარი პროკურორი და სხვები არიან თურმე ამხელა მასშტაბის კორუფციაში ჩაბმულები და მსჯავრდებულები ამის გამო, „ქართულ ოცნებას“ ახლა თუ გაახსენდა დემოკრატობანას თამაში, ეს არის უბრალოდ პოპულისტური ხრიკი“, – განაცხადა სიორიძემ.
ამ განცხადებით გიორგი სიორიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პარტია „ლელო“ დებატებში, თუ ის შედგება.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს წინაპირობების დაყენება დებატებში მონაწილეობისთვის, გიორგი სიორიძემ აღნიშნა, რომ ეს თქვა შალვა პაპუაშვილმა, როდესაც განაცხადა, რომ იდებატებენ მხოლოდ მათთან, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს არ უარყოფს.
„ახლა, თუ კონსტიტუციური წესრიგის უარყოფაში იგულისხმება მათ შორის, ჩემი პარტია, თქვენ როგორ ფიქრობთ, იგულისხმება თუ არა? კონსტიტუციური წესრიგს ჩვენ არა თუ არ უარვყოფთ, ჩვენ ვართ მისი ერთგული „ქართული ოცნებისაგან“ განსხვავებით”, – განაცხადა სიორიძემ.
როგორც „ლელოს“ წევრმა განაცხადა, პარტიას აქვს იმის კომპეტენცია, რომ ბეჭებზე დადოს „ქართული ოცნების“ ნებისმიერი სპიკერი.
„ლელოს“ აქვს იმის კომპეტენცია, რომ არაპოპულარული ენით რომ ვთქვათ, ბეჭებზე დავდოთ „ქართული ოცნების“ ნებისმიერი სპიკერი, ოღონდ, მათ თუ უნდაც, სოფლის მეურნეობაზე საუბრით დემოკრატიული ფორმატი შექმნან, ეს არის უბრალოდ პოპულიზმი“, – განაცხადა სიორიძემ.
მისი თქმით, „ლელო“ მზად არის დებატებისთვის ნებისმიერ დროს, როდესაც იქნება რეალური დებატები“.
„მოჩვენებითი დებატები არ გაუვა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა სიორიძემ.
გიორგი სიორიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანას ეგზისტენციური კრიზისი უდგას „ქართული ოცნების“ პირობებში, „ლელო“ არ აპირებს, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია.
„ჩვენ ერთადერთი მეტოქე გვყავს, მტერი პოლიტიკური და ეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც არის ახლა მართვის სადავეებთან, რომელიც არის საშიში და რომელიც უნდა დასრულდეს მშვიდობიანად და კონსტიტუციურად”, – განაცხადა სიორიძემ.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა „ლელო“ თანხმობის დოკუმენტზე ხელმოწერას, სიორიძემ თქვა „ჩვენ არ ვაპირებთ რაღაცას შევუერთდეთ. თუ გვექნება რაღაც საკითხებზე თანხმობა და ჩვენ თავადვე ბევრ საკითხზე გვაქვს ნამუშევარი, ბევრი რამ გვესახება ბუნებრივია, ამის პრობლემა ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს და არც გვექნება. რაღაც დაწყებული პროცესის შეერთებას „ლელო“ არ აპირებს, თუმცა კონსულტაციები იმ საკითხებზე, რომელიც რამდენჯერმე გავიმეორე უკვე ამ გადაცემაში, იქნება, არის და გაგრძელდება მომავალშიც აუცილებლად“, – განაცხადა სიორიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს არჩევანის სწორი ანალიზით გასაკეთებლად, საშუალება უნდა მიეცეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.
„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.








