ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უვიზო მიმოსვლა ქართველ ხალხს შეუნარჩუნდეს, კობახიძის და „ოცნების“ რამდენიმე მაღალჩინოსნის დანაშაულის გამო ქართველმა ხალხმა პასუხი რატომ უნდა აგოს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მავნებელია ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის წართმევა სურს.
„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მავნებელი, „ოცნება“ თუ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი. ჩვენთვის ყველა მავნებელია, ვინც საქართველოს მოსახლეობის დასჯას მოითხოვს, რადგან უვიზო რეჟიმი ქართველი ხალხის მონაპოვარია. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მონაპოვარი შენარჩუნდეს. კობახიძის და „ოცნების“ რამდენიმე მაღალჩინოსნის დანაშაულის გამო ქართველმა ხალხმა პასუხი რატომ უნდა აგოს. მე არ მაქვს სათანადო საბუთები ამის დასამტკიცებლად, მაგრამ თუ ეს ასეა და თუ ოპოზიციიდან ვინმე ასე მავნებლობს, ყველაფერს პირდაპირ უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მავნებელი „ოცნება“ თუ ოპოზიცია. ჩვენი პოლიტიკური ძალა, პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ არა მხოლოდ უვიზო რეჟიმის შენარჩუნება მოხდეს, არამედ კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებაც და ზოგადად საქართველოს ევროპულ დღის წესრიგში დაბრუნდეს.
კითხვაზე, რამდენად რეალურია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება, შარაშიძემ აღნიშნა, რომ საფრთხე რეალურად არსებობს.
„სამწუხაროდ, საფრთხე რეალურია. იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სხვა გზას თავად „ოცნება“ აღარ უტოვებს. ეს უვიზო რომ მოგვცეს, გარკვეული დათქმებით და წინაპირობებით მისცეს ქართველ ხალხს, ეს დათქმები და წინაპირობები შესრულდა? არის „ოცნება“ დემოკრატიული ხელისუფლება თუ პირიქით, ავტოკრატიული რეჟიმია. ერთი მხრივ, ხალხს ატყუებდე, თითქოს 2030 წელს ევროკავშირში შეხვალ და მეორე მხრივ, მავნებლობდე, არნახული დემოკრატიული უკუსვლა გქონდეს, არ იცავდე ადამიანის უფლებებს და მათზე ძალადობდე, ეს შეუთავსებელია ერთმანეთთან. ეს ევროპულ, დემოკრატიულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერილი გაუგზავნეს: „ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო სისტემურად აფერხებს კომისიის მცდელობებს, მიიღოს არსებითი სანქციები ბატონ ივანიშვილისა და მისი კრემლთან დაკავშირებული ქსელის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ვიმედოვნებთ, ეს წინააღმდეგობა დროთა განმავლობაში გადაილახება, ახლად გადახედილი ვიზების შეჩერების მექანიზმი (Visa Suspension Mechanism) ამ მომენტში სთავაზობს რეალურ გზას წინსვლისკენ“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართველი ოპოზიციონერებისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ „ვიზების შეჩერება, შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს“









