"ფასები ამ ქვეყანაში არის არასამართლიანად მაღალი და თუ ვინმე ამაზე აგებს პასუხს, ეს პირველ რიგში არის "ოცნება" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შექმნილი კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან, რათა ფასები შემცირდეს სწორი, სამართლიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგად. 

"ფასები ამ ქვეყანაში არის არასამართლიანად მაღალი და თუ ვინმე ამაზე აგებს პასუხს, ეს პირველ რიგში არის ოცნება. რადგან, მაღალი ფასები ამ ქვეყანაში არის განპირობებული ოცნების არასწორი და არასამართლიანი ეკონომიკური პოლიტიკით. ჩვენ ვიქნებით პარლამენტში შექმნილი კომისიის ნაწილი აუცილებლად, იმისთვის, რომ "ოცნებას" არ მოვცეთ საშუალება, ერთი მხრივ, გამოიყენოს ეს საკითხი საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის და, მეორე მხრივ, ფასების დაწევა არ მოხდეს მოკლე ვადით, არ მოხდეს ბიზნესის ზეწოლის შედეგად, ბიზნესზე განხორციელებული წნეხის შედეგად და ფასები შემცირდეს ამ ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ სწორი, სამართლიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგად," - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შეგახსენებთ: ფასების შემცირება პროდუქტებზე და სოციალური წნეხის შემსუბუქება მოქალაქეებისთვის - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. მომავალ კვირას, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, პრემიერი მეწარმეებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდება. სურსათის გარდა, კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს.

ირაკლი კობახიძე სხვადასხვა უწყების პირველ პირებთან ერთად, უკვე შეხვდა მსხვილი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს.

პარალელურად, ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს.