დაკავშირებადობა, გეოგრაფიული ურთიერთობა სხვა რამეა და საქართველოს პოლიტიკური განვითარების შეფასება – სხვა, ევროპასთან ყველანაირი კავშირი გვჭირდება, სატრანსპორტოც და პოლიტიკურიც, –  ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების დასმულ კითხვას ევროკომისიის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, „საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება“.

"დაკავშირებადობა და ტერიტორიული, გეოგრაფიული ურთიერთობა სულ სხვა რამეა, ისევე, როგორც საქართველოს პოლიტიკური განვითარების შეფასება. გაფართოების თაობაზე ევროკომისიის დეკემბრის უაღრესად კრიტიკული დასკვნა გვახსოვს, სადაც საქართველოს უარყოფითი შეფასება ჰქონდა. რაც შეეხება დაკავშირებადობას, ამას ვერავინ გაექცევა და ვერ გაექცევა. ანაკლიის პორტზე რა გითხრათ, ჯერ პროგრესი არ ჩანს. ვინ ამბობს, რომ მნიშვნელოვანი არ არის? – პირიქით, ევროპასთან ყველანაირი კავშირი გვჭირდება, სატრანსპორტოც და პოლიტიკურიც. ამ შემთხვევაში პოლიტიკური კავშირები უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის ფუნდამენტურ პრინციპებს თუ დასცილდი, ადამიანის უფლებებს აღარ იცავ და ქვეყანაში დემოკრატია აღარ გაქვს, გინდ კაბელი გქონდეს და გინდ – პორტი. ჩვენც ეს გვინდა, რომ საქართველო ევროპისთვის მნიშვნელოვანი იყოს. ევროკავშირს საქართველო დაკავშირებადობის გამო თუ სჭირდება, ამიტომ საქართველომ ფუნდამენტური უფლებები უნდა უარყოს და ადამიანებზე იძალადოს, ავტოკრატიული კანონები მიიღოს? – ხელისუფლების განცხადებები იმას ჰგავს, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. უნდათ, ყველა რაღაც სიგნალი შეფუთონ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.