„ოცნების“ მიზანი თავის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა კი არ არის, საკუთარი თავის, საკუთარი პარტიის დაცვა და იმიტომ იღებენ კანონებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და პარტიის შესანარჩუნებლად იყენებს.

„საქართველოს კი არ სთხოვენ რჩევას, ევროსაბჭოს წევრ ყველა სახელმწიფოს სთხოვენ რჩევას. არ არის ეს იგივე კანონი, მთავარი არის კანონის მიზანი, რა მიზნით იღებ ამა თუ იმ კანონს. „ოცნება“ ამ კანონს რა მიზნით იღებს, ეს არის მთავარი. „ოცნების“ მიზანი თავის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა კი არ არის, საკუთარი თავის, საკუთარი პარტიის დაცვა და იმიტომ იღებს ამ კანონს. მგონი, არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, რომ ნორმალური სახელმწიფოები, სადაც სამართლიანი სასამართლო არსებობს, ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ, ფიქრობდნენ უცხო ძალისგან საკუთარი ქვეყნების დაცვას და გამჭვირვალობას. „ოცნება“ ამას აკეთებს, რათა განსხვავებული აზრი მოკლას, საკუთარი პარტია და ძალაუფლება შეინარჩუნოს, დაიცვას და გადაარჩინოს. ამაში ძალიან დიდი სხვაობაა.

რაც შეეხება გამოცდილების გაზიარებას, ეს არ არის საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი, ეს  მოთხოვნა არის გაგზავნილი, სავარაუდოდ, ევროსაბჭოს წევრი ყველა სახელმწიფოსთვის, ეს ასეა და ახლა ძალიანაც ნუ გამოიყენებს „ოცნება“ ამას ბაქიბუქისთვის. ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ მათ, რომ ვერ გააკეთებენ ამ ანალოგს, ვერ მოიყვანენ სხვა ანალოგებს, რადგან მთავარი სულ სხვა რამეა. „ოცნების“ მიერ კანონების მიღების მიზანი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა ქვეყნის დაცვა. თუ რომელიმე სხვა სახელმწიფო, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დაახლოებით ანალოგიური ტიპის კანონებზე მსჯელობენ, იქ მიზანი სულ სხვა რამეა. იქ მიზანია, ნამდვილად დაიცვან საკუთარი ქვეყანა უცხო ძალების ჩარევისგან. დღეს შეცვლილ და ძალიან არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში თუ ქვეყნები ფიქრობენ, უფრო აქტიურად როგორ დაიცვან უცხო ძალისგან საკუთარი სახელმწიფოები, ამაში გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.