როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებულ პროკურატურას და საქართველოს პროკურატურას ერთი და იგივე პრეტენზია აქვთ გიორგი გახარიას მიმართ?! - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა, "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
"ეს არის ცხინვალის დე ფაქტო მარიონეტული რუსული რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელის იგორ კოჩიევის სიტყვები! კარგად მოგეხსენებათ, რას გულისხმობს კოჩიევი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაში! არც მეტი, არც ნაკლები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას!
დიახ! კოჩიევის ამ განცხადებით დასტურდება, რომ ივანიშვილის მოხდილი ბოდიშის შემდეგ, ქართული მიწის დაცვის საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნით ოცნება ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს!
როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებულ პროკურატურას და საქართველოს პროკურატურას ერთი და იგივე პრეტენზია აქვთ გიორგი გახარიას მიმართ?!
სიმართლე კი არის ის, რომ გიორგი გახარიამ საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით მცოცავი ოკუპაცია მშვიდობიანი და კანონიერი მეთოდებით შეაჩერა და საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით ქვეყანას შეუნარჩუნა კონტროლი ჩვენს მიწებზე.
მინდა გითხრათ, რომ ყველა ცრუმოწმე, ვინც გიორგი გახარია დაასმინა, პასუხს აგებს იმაზე, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დღეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიად აცხადებს, როცა საგუშაგოს აღებას ითხოვს ქართული მიწიდან – იმ ძირძველი ქართული მიწიდან, რომელიც გიორგი გახარიამ მშვიდობიანად დაიცვა, თქვენ კი დაკარგულად აღიარებთ, როცა ამბობთ, რომ თურმე ეს მიწები დავკარგეთ!
და თუ ეს მიწები მართლაც დავკარგეთ, რატომ ვერ იღებს საგუშაგოს თავისივე ტერიტორიიდან ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი?
თუ ვინმემ ეს მიწა შესაძლოა მართლაც დაკარგოს, ეს ის ცრუმოწმეები არიან, ცრუ ჩვენებებით და საჯარო განცხადებებით ქართული მიწა დაკარგულად რომ გამოაცხადეს და ამით ოკუპანტს სამართლებრივი არგუმენტი მისცეს ქართულ მიწებზე პრეტენზიის დასაფიქსირებლად!
იმ ცრუ ჩვენებებით, რომელსაც ოკუპანტი არა გიორგი გახარიას, არამედ საქართველოს წინააღმდეგ იყენებს!
თქვენ ხომ კარგად იცით, რომ სინამდვილეში სწორედ გიორგი გახარიას გაბედული და პრინციპული გადაწყვეტილებით მოვახერხეთ ქართული მიწების შენარჩუნება საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე! და, რაც მთავარია,
ქართული მიწა შევინარჩუნეთ მშვიდობიანად! დავიცავით ჩვენი მოქალაქეები ისე, რომ ამ ღირსეულ ნაბიჯს არანაირი სამხედრო ესკალაცია და დაპირისპირება არ მოჰყოლია!
რას პასუხობთ ქართველ ხალხს, ვინც სამართლიანად არის შეშფოთებული ოკუპანტის ამ განცხადებით, რომ ჩორჩანა თურმე სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ყოფილა და ქართული მხარის მიერ აქ ჩადგმული საგუშაგო ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან უნდა ავიღოთ?!
როგორ გინდათ აუხსნათ საქართველოს მოსახლეობას, რომ თურმე 6 წელია ეს მიწები დაკარგული გვაქვს და 6 წელი არაფერი იცოდით?
თუ არ იცოდით, გამოდის სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა და ეროვნული უშიშროება საერთოდ მოშლილია და თუ იცოდით და არ ამხელდით მანამ, სანამ გახარიას მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დაწყება არ გადაწყვიტეთ, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია!
ან როგორ მოახერხეთ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ გიორგი გახარიას ორჯერ რომ დაუჭირეთ მხარი პრემიერმინისტრის პოსტზე? პირველად თურმე დიფსთეითმა დაგავალათ და მეორედ ვინ დაგავალათ?!
გინდათ ის აბსურდი დააჯეროთ ვინმეს, რომ საგუშაგოს ჩადგმის გადაწყვეტილებაზე არავინ იყო ინფორმირებული?!
თითქოს ეს საგუშაგო, ზურგზე მოიკიდა და მარტომ, ყველასგან მალულად ჩორჩანას ტყეში ღამით ჩადგა თურმე გიორგი გახარიამ?
ამ ბინძურ და შეთითხნილ საქმეში მონაწილე ყველა ადამიანის ხვედრი იქნება ძალიან მძიმე, როცა მათ სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხების გაცემა მოუწევთ, თუ რატომ მისცეს ჩვენებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ! " - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.







