საქართველო იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, რომელიც ზრდის რუსეთთან სავაჭრო ბრუნვას და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, - ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტმა და მოძრაობის “შინ ევროპისკენ” წევრმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს მოჩვენებითი მოკლევადიანი კეთილდღეობაა, რომელიც შეიძლება გამოიხატოს მცირე რაოდენობა ადამიანების კეთილდღეობაში, მაგრამ სინამდვილეში დამღუპველია. "როდესაც მთელი მსოფლიო ამცირებს და ანოლებს ვაჭრობას რუსეთთან, მათ შორის ენერგო რესურსებთან მიმართებაშიც, მაშინ საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან იზრდება, რაც სამარცხვინოა. საქართველო იმ თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს შორისაა, რომელიც ოფიციალური სტატისტიკით ზრდის სავაჭრო ბრუნვას და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. აქაც მოსახლეობას კარგად უნდა ავუხსნათ, იმიტომ, რომ მათ პროპაგანდა ეუბნება, რომ ეს კეთილდღეობაა. სინამდვილეში კი რუსეთის ორბიტაზე მყოფი ყველა ქვეყანა ეიხრჩობა კორუფციაში, ხალხი გარბის და არის კრიმინალი, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპაში. რა თქმა უნდა, ჩვენ მომეტებული საფრთხის ქვეშ ვართ, მარტო იმიტომ, რომ ვესაზღვრებით რუსეთს, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რა პოლიტიკასაც ხელისუფლება ატარებს, მაგრამ ეს მოჩვენებითი მოკლევადიანი კეთილდღეობაა, რომელიც შეიძლება გამოიხატოს მცირე რაოდენობა ადამიანების კეთილდღეობაში, მაგრამ სინამდვილეში დამღუპველი იქნება," - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.