შესაძლოა, ქვეყანაში გაუკონტროლებელი თანხა შემოვიდეს, გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა - გნებავთ, ევროკავშირის წევრობის საკითხმაც რამდენიმე წლით გადაიწიოს, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

„როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონზე იქითა ბანაკის წარმომადგენლებს ვესაუბრები, აცხადებენ, რომ ამერიკაში კი არის ეს კანონი, მაგრამ ეს არის რუსული გავლენების წინააღმდეგ.

ჩემი ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და უკაცრავად, აბა, მე ეს კანონი რისთვის მინდა?! სადმე იქ არის დაწერილი რომელიმე ქვეყანა ან ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგაა? ეს თავისთავად მოიცავს ხომ ამას!

შესაძლოა, რუსული ფული სახეცვლილი შემოვიდეს საქართველოში. მოგეხსენებათ, რუსეთის ხელისუფლება ცნობილი და განთქმულია ამ ჰიბრიდული ომების წარმოებით და ე.წ. რბილი ძალა - მათ რამდენი ორგანიზაცია, ლობისტი ჰყავთ. მე ამ საფრთხეს ვხედავ, რომ ხვალ შესაძლოა, გაუკონტროლებელი თანხა შემოვიდეს, გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა და ის დინამიკური განვითარება, რა გზასაც ახლა ჩვენი ქვეყანა ადგას, რელსებიდან გადაიყვანონ. გნებავთ, ევროკავშირის წევრობის საკითხმაც რამდენიმე წლით გადაიწიოს“, - განაცხადა გამსახურდიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.