მთავრობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემთან ერთად აპირებდა გადადგომას, ეს ხალხი გავაჩერე და მათ ვუთხარი, რომ ნებისმიერი მსგავსი ნაბიჯი ქვეყანას, იმ მომენტში დააზიანებდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ბევრი ადამიანი მსაყვედურობდა, რატომ გადადექიო, რატომ არ გადააყენეო, მაგალითად, პირობითად ვამბობ, გომელაური ან ვინმე სხვა მინისტრი. სინამდვილეში ისე ხდებოდა, რომ იმ ღამეს მთავრობის პოლიტსაბჭოს უმრავლესობა ჩემ აზრს იზიარებდა. ისინი მეთანხმებოდნენ ზუსტად იმაში, რა ნაბიჯების გადადგმასაც ვაპირებდი. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემი გადაწყვეტილების შემდეგ, რომ უნდა გადავმდგარიყავი, მთავრობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემთან ერთად აპირებდა გადადგომას, ამ ტალღაზე იყო ეს ხალხი და მე პირიქით, ვინმე სხვა გამომეყენებინა კი არა, ეს ხალხი გავაჩერე და მათ ვუთხარი, რომ ნებისმიერი მსგავსი ნაბიჯი ქვეყანას, იმ მომენტში დააზიანებდა. ასე ვუყურებდი მაშინ და ასე ვუყურებ ახლაც. არ შეიძლება ჩვენი ნაბიჯებით, ჩვენი პერსონალური ინტერესებით, პოლიტიკური თუ აპოლიტიკური ამბიციებით დავაზიანოთ ქვეყანა და ჩვენი ინსტიტუტები. სამწუხაროდ, ბოლო სამ წელიწადში ეს ინსტიტუტები ფეხქვეშ გაითელა",- განაცხადა გიორგი გახარიამ.