სამწუხაროდ, ევროპელების მიერ სააკაშვილის ჰუმანიტარულ განზომილებაში დაყენებულ საკითხს, დღევანდელი ხელისუფლება და „ოცნება" აძლევს პოლიტიკურ შეფერილობას და ამას იყენებს ჩვენი მოქალაქეების დასაშინებლად, თითქოს, ევროპაში ვინმეს უნდოდეს სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება - ეს არის სრული ტყუილი,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ევროპაში, ყველას კარგად ესმის, რომ დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნების გარეშე შეუძლებელია 9 პუნქტის განხორციელება, ამიტომ არჩევნები არის საბაზისო ტესტი და არა მთავარი ტესტი. რაც შეეხება სააკაშვილს, მერწმუნეთ, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, ევროპაში აღარავის აინტერესებს. არ არსებობს ასეთი საკითხი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსი, ან ქართველი პოლიტიკოსი. არსებობს, სააკაშვილის საკითხის ჰუმანიტარული განზომილება, სხვა არაფერი. სამწუხაროდ, ევროპელების მიერ სააკაშვილის ჰუმანიტარულ განზომილებაში დაყენებულ საკითხს, დღევანდელი ხელისუფლება და „ოცნება" აძლევს პოლიტიკურ შეფერილობას და ამას იყენებს ჩვენი მოქალაქეების დასაშინებლად. მერწმუნეთ, სააკაშვილი, როგორც ქართველი პოლიტიკოსი ევროპაში აღარ არსებობს. შეიძლება, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი ვინმეს აღელვებდეს და აინტერესებდეს, მაგრამ როგორც ქართველი პოლიტიკოსი არ არსებობს. ის არსებობს ევროპაში და ევროპარლამენტარებში, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ განზომილებაში, იმიტომ რომ ამ ხალხს, როგორც ჩანს, მასთან უმუშავია, რაღაც პირადი კავშირები აქვთ და ა. შ...მაგრამ ეს არის მხოლოდ ჰუმანიტარული განზომილება. ამას სამწუხაროდ, „ოცნება“ და დღევანდელი ხელისუფლება იყენებს, ამას ასაღებს საქართველოს მოქალაქეებს, თითქოს, ევროპაში ვინმეს უნდოდეს სააკაშვილის, ან ხელისუფლებაში დაბრუნება, ან რაღაცა მხარდაჭერას მას უცხადებდეს - ეს არის სრული ტყუილი, რომელსაც ერთი მხარეც „ოცნება“ და მეორე მხარეც „ნაციონალური მოძრაობა“, ხანდახან იყენებს. სინამდვილეში, მე რასაც ვუყურებ, ამ „ნაციონალურ მოძრაობას“ სულ ფეხებზე ჰკიდია მიშა სააკაშვილის ჰუმანიტარული განზომილება. ერთადერთი იმაზე ფიქრობენ, იქნებ როგორმე პოლიტიკურად გამოიყენონ. ეს მათი საქმეა, მე ამაში ვერ გავერკვევი. მთავარი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არავის ევროპაში მიშა სააკაშვილი, როგორც ქართველი პოლიტიკოსი აღარ აინტერესებს, მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობის ჰუმანიტარული განზომილება არსებობს. ეს ლოგიკურია და გასაგები",- განაცხადა გიორგი გახარიამ.