გუშინ საქართველოს დეფაქტო ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზები და საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს სასტიკად გაუსწორდა. ეს იყო შემთხვევა, როცა საქართველოს ხელისუფლებას ფორმალური მიზეზიც არ ჰქონდა იმისთვის, რომ დაერბია და ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე, რაც გააკეთა.  - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

უფრო მეტიც, ორგანიზებულად საპოლიციო ძალებმა და არაფორმალურმა დაჯგუფებებმა, ფაქტობრივად, ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, უმიზეზოდ იტაცებდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის გამვლელებს, მათზე ძალადობდნენ. ეს იყო ყველა ნორმის - ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. ის რაც დღეს ხდება ყველანაირი კონტროლისა და კანონის მიღმაა. 
სამწუხაროდ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლება თავად აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ ქაოსის საზღვარზე ვდგავართ. 


მე მინდა მივმართო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს - აღშფოთებების დრო აღარ არის! დღეს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიული ფასეულობებისთვის იმსახურებენ თქვენგან ქმედით ნაბიჯებს და მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა უნდა გამოიხატებოდეს არამხოლოდ განცხადებებში და აღშფოთებებში, არამედ პირდაპირ სანქცირებაში იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობენ დღეს საქართველოს მოქალაქეებზე და არღვევენ ყველა ნორმას, ადამიანის ყველა უფლებას. 


საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც აღშფოთებულია იმით, რაც გუშინ ხდებოდა თბილისის ქუჩებში, მინდა გაგამხნევოთ და გითხრათ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა. ჩვენ ბევრად უფრო მეტი ვართ და იცოდეთ, რომ მშვიდობიანი, სამართლიანი პროტესტი არის ჩვენი მთავარი ძალა. მშვიდობიანი, სამართლიანი პროტესტით უნდა დავუპირისპიროთ მოძალადე ხელისუფლებას და დღეს ყველაზე მეტი უნდა ვიყოთ თბილისის თუ საქართველოს დანარჩენ პატარა თუ დიდ ქალაქში. - განაცხადა გიორგი გახარიამ.