ჯოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადება “ქართული ოცნების” ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია , - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე მედიასთან გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე გზით სიარულს, რაც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი დაიხურება".
„ქართული ოცნების” და საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოსთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის ნაცვლად, ევროკავშირი განიხილავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივის გაყინვას. ამიტომ, ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება” დამარცხდება, ჩვენ სწრაფად დავაბრუნებთ ქვეყანას დემოკრატიულ, ევროპულ და ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე“, - წერს გახარია პლატფორმა X-ზე.