დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
გიორგი გახარია პარლამენტში გუშინ მომხდარ ძალადობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ძალადობას ხელს უწყობს დაუსჯელობა, რომლითაც ხელისუფლების უმაღლეს დონეზე მყოფი პირები სარგებლობენ.
„ჩვენ პარლამენტში შევედით, რათა მოქალაქეები, მათ შორის, ისინი, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, მარტო არ დაგვეტოვებინა საკუთარ საჭიროებებსა და პრობლემებთან, გამოგვეყენებინა პარლამენტის ყველა ინსტრუმენტი მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და გვეზრუნა, რომ პარლამენტში განსხვავებული ხმები ყოფილიყო წარმოდგენილი. ამ მისიის ერთგულება არასდროს შეგვიწყვეტია.
„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა. ჩვენს კოლეგას, გიგა ფარულავას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული. ამ ძალადობას ხელს უწყობს ის დაუსჯელობა, რომლითაც ხელისუფლების უმაღლეს დონეზე მყოფი პირები სარგებლობენ“, – წერს გიორგი გახარია.
საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება გუშინ იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოდიოდა. შარაშიძემ კობახიძის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“. შარაშიძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიგა ფარულავას შორის, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
We entered Parliament not to leave citizens - including those who voted for Georgian Dream - alone with their needs and concerns, to use every parliamentary instrument to hold the government accountable and ensure that different voices are heard in Parliament. We have never… pic.twitter.com/mdf5G4t9Gg
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) June 26, 2026




