ჩვენი პარტია არის ერთადერთი, რომელიც ამბობდა და აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ 4 ოქტომბერი იყო „ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილი სცენარი, რომელსაც შეასრულებდნენ ეს უპასუხისმგებლო, სულელი ე.წ. ოპოზიციონერები, ის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ თავისუფალი მოქალაქეები არიან და შეცდომაში შეიყვანეს, უნდა გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის საქმეში მონაწილე პოლიტიკოსებმა „ქართული ოცნება“ კი არ დაამარცხეს, ხელი შეუწყეს მისი ძალაუფლების გახანგრძლივებას.

„მათ დაამარცხეს პოლიტიკა ქვეყანაში, ოპოზიციური სპექტრი და რაც ყველაზე დასანანია, სახალხო პროტესტი. 4 ოქტომბრის შემდეგ პროტესტი ამ ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს და ეს ამ ადამიანებმა მოიტანეს. არანაირი სენსიტიური დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ არ გაგვაჩნია, რადგან დარწმუნებული ვართ, ეს ადამიანები არიან კორუმპირებული ოპოზიციის ნაწილი, რისი ნაწილიც ჩვენ არასდროს ვყოფილვართ. ვიდრე რამეს მოინანიებენ, კეთილი ინებონ და საჯაროდ განაცხადონ, შეცდომაში შეგვიყვანეს და ვიღაცებმა გადაგვაგდესო, ვისთან ჰქონდათ ზოდელავას, ბურჭულაძეს, კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ რიგებიდან. საქართველოს მოქალაქეები ძალიან კარგად ხედავენ, რომ კორუმპირებული ოპოზიციის ხელში ძალინ რთულია დაამარცხო „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნება“ არის ის, ვინც მართავს კორუმპირებულ ოპოზიციას. ერთიც მოსაშორებელია და მეორეც. დღეის მოცემულობით ძალიან კარგად ხვდება ყველა, რომ 4 ოქტომბერი იყო სპეცოპერაცია, რომელიც დაიგეგმა „ქართული ოცნების“ ოფისში და შეასრულეს ვიღაც უპასუხისმგებლო, კორუმპირებულმა ოპოზიციონერებმა. მე ამ ადამიანებს მოვუწოდებ, თუ ამ თემაზე საუბარი სურთ, პირველ რიგში, თქვან ვინ არიან „ქართული ოცნების“ რიგებიდან ის ადამიანები, ვისთანაც კომუნიკაცია ჰქონდათ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ოპოზიციამ პროვოკაციულად იმოქმედა თავისუფალ მოქალაქეებზე „ქართული ოცნების“ დახმარებით და საბოლოო ჯამში უდანაშაულო ადამიანები აღმოჩნდნენ ციხეში. 4 ოქტომბერი არც მანამდე იყო სწორი ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან და არც ამ გადმოსახედიდან არის სწორი. კორუმპირებული ოპოზიციის დახმარებით, სახალხო პროტესტი თითქმის მკვდარია ქვეყანაში. 4 ოქტომბრის შემდეგ ამოქმედდა თითქმის ყველა დრაკონული კანონი. თითოეული ადამიანი, რომელიც ამ პროვოკაციას წამოეგო, არის უბრალო მოქალაქე, არა პოლიტიკოსი, რომელიც დააჯერეს რაღაც სიგიჟეებში. ეს ადამიანები არიან მსხვერპლი 4 ოქტომბრის და უნდა იღონონ ყველაფერი, რომ ციხე დატოვონ. კორუმპირებულ ოპოზიციას საკუთარი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს“, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.