ზოგიერთ პარტიასთან გაერთიანება საზიანოც კი იქნება, მაგალითად „გირჩთან“, რადგან განსხვავებული ელექტორატი გვყავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის ეტერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ზოგიერთ პარტიასთან „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ბუნებით შეუძლია შექმნას ერთიანი სიაც კი, თუ ისინი ფაქტიურად შემოუერთდებიან „ნაციონალურ მოძრაობას“, პატარა პარტიებს ვგულისხმობ. ზოგიერთთან საზიანოც კი იქნება, იმიტომ რომ განსხვავებული ელექტორატი გვყავს. პირდაპირ ვიტყვი, რომ არ დავმალო, მაგალითად „გირჩს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა ყაიდის ამომრჩეველი ჰყავს და სუფთა ელექტორალური ტაქტიკის თვალსაზრისით, პატივისცემას ვუდასტურებ ყველა პარტიას, ყველა ტიპის ელექტორატს, მაგრამ ჩვენ ვართ ქრისტიან დემოკრატიული მემარჯვენე ცენტრისტული პარტია, ხოლო „გირჩი“ უფრო რადიკალურად, კარგი გაგებით, შეიძლება ლიბერალურისკენ გადახრილია თავისი მეთოდებით, ამიტომ ხელოვნურად ამის შეკავშირება პირიქით „გირჩსაც“ დააკარგიებს პოტენციურ ხმებს და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ჯამში უფრო ნაკლებს მივიღებთ, ვიდრე ცალ-ცალკე. ამიტომ, ცხადია ასეთი პარტიები ცალ-ცალკე უნდა გავიდნენ. შესაძლოა „გირჩმა“ თავისი პარტნიორი იპოვის, ისევე როგორც „ლელომ“, ან გახარიას პარტიამ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, პრინციპში ყველასთან სათანამშრომლოდ არის გახსნილი და ყველასთან საბოლოო ჯამში, ჩამოვყალიბდებით, იმიტომ რომ ზოგადად საზოგადოების დაკვეთა არის ერთიანობა და ამასვე გვეუბნება ჩვენი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.