"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ევროპარლამენტში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა.
„იმედი მაქვს ის პოლიტიკური ძალები და საკვანძო ფიგურები, ვინც აქამდე იყვნენ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღები, დარჩებიან და ევროკომისიაც დაკომპლექტდება უახლოეს ვადაში.
ჩვენი განსაკუთრებული მილოცვა ეკუთვნის ევროპის სახალხო პარტიას, რომლის წევრიცაა ევროპული საქართველო და რომელთანაც გვაქვს ძალიან ინტენსიური კავშირი.
ეს არის სწორედ ის პარტია, რომელიც ყოველთვის საქართველოს სასიკეთო გადაწყვეტილებების ავანგარდში იყო: თავისუფალი ვაჭრობის, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ეს ასე გაგრძელდება“ - თქვა გიგი წერეთელმა
წერეთელმა ასევე დასძინა, რომ ქართული ოცნება სწორედ “ევროპის სახალხო პარტიასა” და ბევრ სხვა ცალკეულ ლიდერს სხვადასხვა პარტიებიდან აერთიანებს “გლობალური ომის პარტიისა” და საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილთა იარლიყის ქვეშ, რაც რეალობის სრულიად საპირისპიროა.
„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პერიოდი იქნება ევროპული გაფართოების, ასევე უკრაინის , მოლდოვის მხარდაჭერისა და საქართველოს დაჩქარებული ევროინტეგრაციის კუთხით, ოღონდ ამისთვის არსებობს ერთი პირობა - ჩვენ შიგნით გვჭირდება ცვლილება, უნდა ვიყოთ მზად და თავად ვდგამდეთ ნაბიჯებს სწორი მიმართულებით.
შესაბამისად, ამ ყველაფრის მთავარი პირობა მმართველობის დემოკრატიული ცვლილებაა და ეს ჩვენს ამომრჩეველს უნდა ესმოდეს. ყველა ადამიანი, ვინც არ ფიქრობდა არჩევნებზე მისვლას, ახლა უნდა მივიდეს, რათა ჩვენ სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ წინ, ამის გაკეთება კი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მხოლოდ დემოკრატიულ, დასავლურ კოალიციას შეუძლია“ - განაცხადა გიგი წერეთელმა
შეგახსენებთ, ევროპული სააგენტოები ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებენ. ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია რჩება უდიდეს პოლიტიკურ ძალად და აძლიერებს თავის პოზიციას. ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში მას 720-იდან 184 ადგილი ექნება, 8-ით მეტი, ვიდრე 2019 წლის ევროპარლამენტში ჰქონდა.