პარტიის ლიდერმა რატომ უნდა ჩათვალოს, რომ პოლიტიკური საბჭო უნდა იყოს მისი მონების კრებული?, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით განაცხადა და განმარტა, რომ პარტიაში სიტუაციის დაძაბვა და არეულობის შეტანა ვიღაცის ინტერესებში შედიოდა.
"ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რა პროცესიც მოხდა ჩვენს პარტიაში. სამწუხაროდ, „ევროპული საქართველო“ დღეს არის რთულ ვითარებაში იმის გამო, რომ პარტიის თავმჯდომარემ და გარკვეულმა გუნდმა ეს პარტია დატოვა. რაღაც, ალბათ, იყო მოსალოდნელი, მაგრამ, მოვლენების ასე განვითარებას არ ვფიქრობდი. რაღაც დაძაბულობა იყო, განსაკუთრებით პრაიმერიზის შემდეგ“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისი თქმით, პარტიაში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პრაიმერიზის საღამოს გიგა ბოკერიამ რეგისტრირებულ ამომრჩეველებთან შეტყობინება გაგზავნა, რომ ის ე.წ. პირველი სიის ლიდერია, თუმცა მხარს უჭერს მეორე სიას, რომლის პირველი ნომერი სწორედ თამარ ჩერგოლეიშვილი იყო.
„პარტიაში გაიმართა პრაიმერიზი და ერთერთმა სიამ გაიმარჯვა - ეს ის სია იყო, რომელშიც მე ვიყავი. მეორე სიაში არც მე ვიყავი, არც აკაკი ბობოხიძე, იყვნენ გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი. გამარჯვებულ სიაშიც იყვნენ ბოკერია და ჩერგოლეიშვილი. თუ პარტია 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, მეორე ხარ, მესამე თუ მერვე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამას მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ რაიმე კოალიციაზეა საუბარი და, როგორც ჩანს, რაღაც ეტაპზე, ეს ინტერესის სფეროს წარმოადგენდა“, - განაცხადა გიგა წერეთელმა.
„წინა საღამოს, როდესაც პრაიმერიზი უნდა ყოფილიყო, გიგა ბოკერიამ ყველა რეგისტრირებულ ამომრჩეველთან გაგზავნა გზავნილი, რომ ის არის პირველი სიის ლიდერი და მხარს უჭერს მეორე სიას, სადაც პირველი ნომერი არის თამარ ჩერგოლეიშვილი. ამან გამოიწვია სერიოზული დაპირისპირება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს იყო რაღაც პროცესი, რომელიც ასე უნდა მომხდარიყო, რადგან ვიღაცას სიტუაციის ასე დაძაბვა სურდა.
მე იცით რა მწყინს? როდესაც დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, დემოკრატიის პრინციპებს ვქადაგებთ და ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორედ მახასიათებელი ჩვენი პარტიის და თუ ამ პარტიის ლიდერს არ მოსწონს რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება, რატომ უნდა ჩათვალოს, რომ პოლიტიკური საბჭო უნდა იყოს მისი მონების კრებული. დაისვა ყრილობის ჩატარების საკითხი, პარტიის წევრებიც დათანხმდნენ, მე ჩემი კანდიდატურაც წამოვაყენე თავმჯდომარის პოზიციაზე. აქამდე არასდროს მქონია პრეტენზია და გიგამაც კარგად იცის ეს. როგორც კი დადგა ეს საკითხი, რომ შეიძლება ჩემი კანდიდატურაც ყოფილიყო... დემოკრატია არ არის ეს? აბა რა არის? მაშინ ისიც უნდა ვთქვა, რომ ასე თუ იქცევი ოპოზიციაში, ხელისუფლებაში თუ იქნები, კიდევ უარესი შედეგით დამთავრდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
იგი ყოფილ თანაგუნდელებს წარმატებას უსურვებს და მოუწოდებს, თავი დაანებონ ყოფილი პარტიის დაზიანებას და ადამიანების შეურაცხყოფას.
„მინდა, წარმატება ვუსურვო მათ იმ საქმეში, რასაც გააკეთებენ, ოღონდ წარმატებას ვერ ვუსურვებ იმ საქმეში, რაც ეხება მათი ყოფილი პარტიის დაზარალებას, ადამიანების შეურაცხყოფას. პირდაპირ მოვუწოდებ, რომ დაანებონ ამას თავი, ეს არ არის კარგი საქციელი, ამით ვერავის გამოიყვანენ წყობიდან.
რაც შეგვეხება ჩვენ, ჯერჯერობით გვაქვს დრო, რომ იყოს სავარაუდო კონფიგურაციაზე საუბარი სხვა პარტიებთან. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ გვქონია კონსულტაციები და მე არ ვფიქრობ, რომ ეს გზა შეიძლება მათთან დამაკავშირებელი გზა იყოს. არის სხვა გაერთიანებები, რომლებთანაც იყო გარკვეული კონსულტაციები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.