„ეს რეჟიმი წლებია პროპაგანდას ეწევა, "არ აგარევინებთ" და "გლობალური ომის პარტია" გვიპირისპირდება და მშვიდობას ვიცავთო - სინამდვილეში, სწორედ ქართული ოცნებაა ძალადობრივი არეულობის პარტია,  რომელიც საკუთარ ხალხთან და ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირისპირებულია და ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ ჩვენს მტერთან, რუსეთთანა შეკრული." - ასე ეხმიანება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია  დიმიტრი ჩიქივანისა და გია ჯაფარიძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას. 

"გუშინდელი ნაბიჭვრული თავდასხმები გია ჯაფარიძეზე, დიმა ჩიქოვანზე, ლაშა ღვინიანიძეზე, არის საბუთი იმის, თუ როგორი შეშინებულია ივანიშვილის რეჟიმი იმ პროტესტით, საზოგადოების ერთიანობით, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ დღეებში. და სწორედ იმიტომ, რომ ასე ეშინიათ, აუცილებელია ამ პროტესტის გაგრძელება და გაფართოება“ - თქვა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს და პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დიმიტრი ჩიქოვანისა და გია ჯაფარიძის თავდასხმის ფაქტზებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.