პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც ბოროტად იყენებდა და რევოლუციისკენ მოწოდებებს აკეთებდა.
„რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას პოლიტიკური პოზიციაც ახლდა თან, მაგრამ რეალურად, არსებობს გარკვეული წესები და ამ წესს უნდა დაემორჩილო, ვისი მთავრობაც არ უნდა იყოს. სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, ყოფილი პრეზიდენტია, მაგრამ ბრალის სიმძიმე შესაბამის სტრუქტურებს ავალებს, მაქსიმალურად სამართლიანი იყოს, მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, ვინც ციხეებში იტანჯებოდა სააკაშვილის პერიოდში და სტრასბურგის მიერ დადგენილი ფორმულირებით მართავდა ქვეყანას, როდესაც წამებას სისტემური და სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ამ ადამიანების პოზიციაც გასათვალისწინებელია.
ეს ადამიანი პრივილეგირებულ პირობებში იმყოფება, ყოველ დღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ განცხადებებს აკეთებდა, მოწოდებები ჰქონდა რევოლუციისკენ. საკმაო რესურსი გააჩნდა იმისთვის, რომ მისნაირად დესტრუქციული ადამიანები წინ წამოწიოს, ხელში აიღოს რევოლუციის სადავეები და ამაზე მუდმივად ილაპარაკოს. ეს პოლიტიკურადაც სერიოზული ზიანის მომტანია და სამართლებრივადაც დასჯადია. ვისაც ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაულები და ამ დროს ჯანმრთელია, საავადმყოფოში არ უნდა იწვეს, ეს ელემენტარული ფორმულირებაა, რომელიც შესაბამისმა სტრუქტურამ განახორციელა.
ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკურად ასე ვაფასებთ, მაგრამ ამის იქით დევს კონკრეტული ბრალდება, რომ მან თავისი მდგომარეობა თავისი მოქმედებებით დაიმძიმა. ჯანმრთელი ადამიანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში და მის მიერ ნაწამები ადამიანების დიდი რაოდენობა მის ციხეში გადაყვანას მოითხოვს. მან თავისი პოლიტაქტიურობით დაიმძიმა მდგომარეობა. მის მიმართ გამოძიება დაიწყო. ეს კაცი დგას, დანაშაულებს სჩადის და ამისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი – კაბინეტში ზის და რევოლუციას ხელმძღვანელობს. რასაკვირველია, შესაბამისმა სტრუქტურამ თქვა, რომ ამ ადამიანს არც ეს პრივილეგია ეკუთვნის, რომელსაც ბოროტად იყენებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გვაძლევს წინაპირობას, რომ იგი საავადმყოფოში დარჩეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რომ გაფრთხილების გარეშე მოხდა მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.








