PACE-ს დელეგაციას არცერთ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს საფუძველი, ედავოს და „ქართული ოცნება“, როგორც საზოგადოებასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა, ისე წარმოაჩინოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკი გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის საქართველოში ვიზიტს და თბილისში შეხვედრებს.
მისი თქმით, მოგონილი ნარატივებისა და პროპაგანდის გარდა, არანაირი რესურსი არ აქვთ იმ პირებს, რომლებიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხვდებიან.
„PACE-ს დელეგაცია საქართველოში წინასწარი განზრახვით არის ჩამოსული. წინასწარი განზრახვით არის გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რომელიც ჩვენ ბრიუსელიდან მოვისმინეთ. ეს განზრახვა აბსოლუტურად სხვა მიზანს უკავშირდება. მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე საქართველო გამოყენებული იყოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. არ არსებობს სხვა არანაირი თემა, მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ ჩვენ წინააღმდეგ რაიმე პრეტენზია ჰქონდეთ. საერთაშორისო პოლიტიკაში არ არსებობს არანაირი რუსული ორბიტა, რომელსაც „ქართული ოცნება“ წარმართავს.
არ ყოფილა არანაირი ნიშანი, რომ არჩევნები გაყალბდა. არცერთ საკითხთან დაკავშირებით მათ არ აქვთ საფუძველი, ედავონ და „ქართული ოცნება“, როგორც საზოგადოებასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა, ისე წარმოაჩინონ. მათი ამოცანა არ სრულდება და დარწმუნებული ვართ, ადრე თუ გვიან საღი აზრი გაიმარჯვებს. ამ საღი აზრის განვითარებასთან დაკავშირებით შეიძლება გვქონდეს საუბარი და ვფიქრობ, იქნება დამადასტურებელი იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე მართლები ვართ. სხვა განვითარებას არც ველოდებით. არაფერი არსებობს, გარდა იმისა, რასაც ხოშტარია ლაპარაკობს, რომ მასალები შევკრიბე და დავალებების მიმცემს გავუგზავნე იმასთან დაკავშირებით, რა უბედურება ტრიალებს საქართველოშიო. სიცრუის, მოგონილი ნარატივებისა და პროპაგანდის გარდა, არანაირი რესურსი არ აქვთ იმ პირებს, რომლებსაც დღეს ეს დელეგაცია ხვდება და ესაუბრება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.







