გამჭვირვალობის მოთხოვნა ან ლგბტ პროპაგანდის არდაშვება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ევროპულ კურსს გადავუხვიეთ, მით უმეტეს, არ ნიშნავს, რომ საქართველოში რუსული ინტერესი ტარდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი იმედოვნებს, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება.

„გაწევრიანება შედგება ეტაპებისგან. რასაკვირველია, აუცილებელია ის ურთიერთობა, რომელიც განაპირობებს თავისუფალ მიმოსვლას. ბევრ ევროპელს ვხედავთ საქართველოში, ისევე როგორც ბევრ ქართველს ვხედავთ ევროპაში. მეორე თემაა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ევროკავშირის ასოცირებული წევრები ვართ. ეს ყველაფერი დავიმსახურეთ და მოიტანა იმ პროგრესმა, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაშია დაფიქსირებული, რეიტინგით ვასწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას. ძლივს მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსიც, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე წინ ვიყავით, ევროკავშირის ქვეყნებსაც ვასწრებდით. შემდეგი ეტაპი არის სამოქმედო გეგმაზე გადასვლა და ამის შეყოვნება ხდება. ვფიქრობ, ესეც დროებითია, ვიდრე არ შეიცვლება დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროსტანდარტი არ ითვალისწინებს სიცრუეს. რა დავაშავეთ? ანტილიბერალური კანონები მიიღესო, ანუ საქართველოში ლგბტ პროპაგანდას და სადიზმის დაბრუნებას თუ არ ვუჭერთ მხარს, ესე იგი, ევროპულ სტანდარტს გადავუხვიეთ? ეს აბსოლუტური უტიფრობაა.

1921 წელს 6 იანვარს საქართველომ მიმართა ერთა ლიგას გაწევრიანებისათვის, რათა თავიდან აგვეცილებინა რუსეთის ინტერვენცია. მაშინ საქართველოს უარი ეთქვა და მთავარი არგუმენტი იყო, რომ საქართველო შორს არის, 2 000 კილომეტრით შორსაა ევროპისგან და არცერთი ქვეყანა არ არის, რომელსაც შეუძლია, ექსპედიცია გაგზავნოს საქართველოს დასაცავად, მხარში ამოსადგომად. ეს იყო ფორმულირება, რის გამოც უარი ეთქვა საქართველოს და შემდეგ მოხდა თებერვალში საქართველოში წითელი არმიის შემოჭრა. იგივე ისტორია პატარა სახეცვლილებით მეორდება, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება ეს გარემოება, რადგან ბევრი ევროპარლამენტარი გრძნობს უსამართლობას საქართველოს მიმართ და ევროპარლამენტშიც არაერთი განცხადება მოისმინეთ საქართველოს ინტერესების მხარდასაჭერად. აქედან გამომდინარე, იმედი ვიქონიოთ, რომ შეიცვლება დამოკიდებულება ან კეთილი ინებონ და დაგვისახელონ, რაში სცოდავს ეს ქვეყანა, გარდა იმისა, რომ ოკუპანტ რუსეთთან არ შედის ისეთ დაპირისპირებაში, რომელიც საქართველოს საბოლოოდ გაანადგურებს როგორც ეკონომიკურად, ისე ფიზიკურად. გამჭვირვალობის მოთხოვნა ან ლგბტ პროპაგანდის არდაშვება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ევროპულ კურსს გადავუხვიეთ, მით უმეტეს, არ ნიშნავს, რომ საქართველოში რუსული ინტერესი ტარდება. ეს მოგონილი უტიფრობაა, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ დამსახურებულად ნათქვამი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.