„ქართულ ოცნებაში“ რეპრესიული სისტემა არ მუშაობს, პარტიას არავინ ემიჯნება - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„გარკვეული მოსაზრებები ჩამოყალიბდა იმ კენჭისყრის შემდეგ, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო სტრუქტურებიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობას. არიან ადამიანები, ვინც ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკურად გაემიჯნენ „ქართულ ოცნებას“. გარკვეული მოსაზრებები აქვთ და გადაწყვეტილებებსაც თვითონ მიიღებენ. რასაკვირველია, აქ რეპრესიული სისტემა არ მუშაობს, წავიდა, 2012-ის შემდეგ ჩავაბარეთ წარსულს რეპრესიები, ნებისმიერი სახის, შიდაპოლიტიკური, სახელმწიფო დონეზე, თუ საზოგადოების მიმართ. ასე რომ, სავსებით ჯანსაღი მსჯელობა იყო ამ თემაზეც და სხვა არაერთ საკითხზეც, მათ შორის საერთაშორისო მდგომარეობასთან დაკავშირებით. ურთულესი სიტუაციაა შექმნილი მსოფლიოში და რასაკვირველია, გაცილებით გლობალური თემებიც იქნა განხილული, ვიდრე ცალკეული მიმართულებები, თუნდაც კონკრეტულ განათლების სფეროში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.