გახარიამ მოულოდნელად განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერს ხელი არ უნდა შეახოს. ასევე, ზუსტად იცოდა, რომ სააკაშვილი ჩამოსვლას და რევოლუციის მოწყობას აპირებდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით: „გაიხსენეთ, გახარია რატომ გადადგა 2021 წელს, იცოდნენ, „ქართული ოცნება“ არ იომებდა და როგორმე უნდა ჩამოეშალათ, ეს გააკეთებინეს გახარიას, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს“.

გია ვოლსკის თქმით, გახარიას ქმედებას ქვეყნისთვის აღუწერელი ზიანი, შეიძლებოდა, მოეტანა.

„ანალიზის უნარი არ აქვს ადამიანს, ვინც იტყვის, რომ გიორგი გახარიას თავისი ქმედებებით ხელისუფლების ჩამოშლა არ უნდოდა და „ნაცმოძრაობას“ ხელს არ უწყობდა. გიორგი გახარიამ რაც გააკეთა და რასაც გადადგომამდე აკეთებდა, მოთხრობაა იმის თაობაზე, თუ როგორ ღალატობს პიროვნება არა კონკრეტულ გუნდს, არამედ ქვეყანას. სწორედ გახარიამ განაცხადა მოულოდნელად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ხელი არ უნდა შეახოს. მან, ასევე, ზუსტად იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა გზით საქართველოში ჩამოსვლასა და რევოლუციის მოწყობას აპირებდა. ეს იმდენად აშკარაა, რომ ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს.

ეს ადამიანები სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შემოქმედის, გიორგი გახარიას გარშემო დგანან. ეს ადამიანები ღალატის გზას დაადგნენ არა იმით, რომ პარტიას უღალატეს, არამედ თუკი დამტკიცდა, რომ გიორგი გახარიამ ეს ნაბიჯი იმის გამო გადადგა, რომ სახელმწიფოსთვის ზიანი მიეყენებინა, რასაკვირველია, მის გვერდში მყოფი ადამიანები მოიაზრებიან, როგორც დანაშაულის თანამონაწილეები. არჩევნების შემდეგ ამ ღალატის ფაქტები შეიძლება დაიდოს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შეიძლება იყოს ღალატის კოლექტიური დანაშაული ან შეიძლება იყოს უმეცრება. გამოძიების მიერ დასმულ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ ადამიანებმა, რომლებიც დიდი ხანია, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და დღენიადაგ ცდილობენ, რევოლუცია მოაწყონ. რასაკვირველია, განხილვების საბოლოო ასპარეზი სასამართლო იქნება და არა კონკრეტული სუბიექტი – თუნდაც მმართველობაში მყოფი „ქართული ოცნება“. გიორგი გახარიამ ყველაზე მზაკვრული საქციელი ჩაიდინა და პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თანამდებობიდან მისი გადადგომა რატომ, რისთვის, როგორ მოხდა და რა კავშირია მასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ყველაფრის თავი და თავი „ნაციონალური მოძრაობაა“.

როდესაც გახარიაზეა საუბარი, მასთან დაკავშირებით სიმართლე ითქმება არა იმიტომ, რომ გახარიას მაღალი რეიტინგი აქვს – ცნობილია მისი დაბალი რეიტინგი – არამედ სიმართლე ითქმება იმის გამო, რომ მოსახლეობას დავანახოთ საშიშროება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც პოლიტიკურ ველზე აქტიური არიან. გახარიამ ისეთი რამ ჩაიდინა, რაც გაცილებით ხისტ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მუდმივად ჩადიოდა ამას. გახარიას ქმედებას ქვეყნისთვის აღუწერელი ზიანი, შეიძლებოდა, მოეტანა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.