აღზარდო ადამიანი - მეცნიერებაც არის და ხელოვნებაც.ვჩვენ ორივე მიმართულებით უნდა მოვინდომოთ წარმატების მიღწევა,- ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც არაერთხელ მითქვამს, სკოლა და მასწავლებელი სამ მთავარ საქმეს აკეთებენ:
1. ასწავლიან კონკრეტულ საგნებს;
2. მოსწავლეებში აყალიბებენ და ავითარებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარებს;
3. მათშივე ქმნიან ღირებულებათა სისტემას, რომელიც ადამიანს ისტორიის მართალ მხარეს აყენებს. 
მეორე და მესამე კომპონენტები ეკუთვნის პიროვნებისთვის, საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსა და მთლიანად კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანეს სიტყვას: "აღზრდას".
ჩვენი განათლების სისტემა ამ მიმართულებით ხარვეზებს მოიცავს და დიდად დასახვეწია.
ვფიქრობ (და ვიცი კიდეც), ძალიან ბევრ სკოლაში არათუ შედეგიანად მოქმედებს მოსწავლეთა აღზრდის სისტემა (რომელიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და პედაგოგიკური მეცნიერების აღიარებულ მიღწევებს უნდა ეფუძნებოდეს), არამედ კარგად და სრულფასოვნად გააზრებულიც კი არ არის მისი მნიშვნელობა.
ამ მიმართულებით ქართულ სკოლას მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტა და სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება მოუწევს.
და ეს არ (ვერ) იქნება ხანმოკლე პროცესი.
სასურველია, პირველი არხის ახალმა პროექტმა ("გადაწყვეტილება"), რომლის პირველ გადაცემას რამდენიმე დღეში ვიხილავთ, დიდი ყურადღება დაუთმოს ამ თემას.
ჩვენმა საზოგადოებამ (მით უმეტეს - სასკოლომ) კარგად უნდა გაიაზროს, ვის - როგორ ადამიანსა და მოქალაქეს, ზრდის ქართული სკოლა და - რა მიზნების მისაღწევად.
აგრეთვე, არსებითი კითხვაა - როგორ აკეთებს (რა ადამიანური, ფინანსური, მეთოდოლოგიური რესურსებით) ამას.
აღზარდო ადამიანი - მეცნიერებაც არის და ხელოვნებაც.
ჩვენ ორივე მიმართულებით უნდა მოვინდომოთ წარმატების მიღწევა“,- წერს გია მურღულია.