„ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა უბრალოდ გარდაუვალია, მათთვისაც ასე ჯობია და პოლიტიკური პროცესისთვისაც კარგია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„პარტიის ძალას განსაზღვრავს ხალხი, მისი მხარდამჭერები და მხარდამჭერების შერიგება უკვე შეუძლებელია. შესაბამისად პოლიტიკურმა ელიტამ ამ განწყობებს უნდა უპასუხოს, ყალბ შერიგებას რა აზრი ექნება? - ალბათ მალე მოხდება გაყოფა, ჩემი პროგნოზით, ზუსტად თარიღს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ეს არის გარდაუვალი. გაყოფა მოხდება და ელექტორატიც რაღაც პროპორციით აუცილებლად გაიყოფა, ეს გასათვალისწინებელია.
ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს ელექტორალური ზრდის საშუალება, ის ერთგვარი ტიტანიკია. მას 10- პროცენტიანი პარტიაც რომ შეუერთდეს, ჯამში 14%-ს პლუს 10% კი არ იქნება, იგივე 14% დარჩება ან შეიძლება 15-16% გახდეს. იმიტომ, რომ ეს პარტია ერთგვარი ტიტანიკია, რაც ხელისუფლებას აძლევს ერთგვარი ანტიკამპანიის წარმოების საშუალებას და სხვა პარტიის ელექტორატს აფრთხობს და აშორებს იმ პარტიას. ასეთი მოცემულობა შეიქმნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გარკვეული დამღა და წინასაარჩევნო კოალიციები მას არაფერს არ მისცემს, მაგრამ ის შეიძლება აღმოჩნდეს პოსტსაარჩევნო კოალიციაში“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.