არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ ელექტორალური ზრდის პოტენციალი არა აქვთ. მათი ერთადერთი შანსია ორპოლუსიანობის შენარჩუნება და ამომრჩევლის ნეგატიურ, წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანის პირისპირ იძულებით ჩატოვება - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლიტიკური რეალობა ასეთია:
ამომრჩევლის უმრავლესობა ბუნებრივია ითხოვს მომავლის არჩევანს და რადგან ქართული ოცნება სტაბილურად  ასოცირდება მანკიერ აწმყოსთან, ხოლო ნაც.მოძრაობა ასევე სტაბილურად  მანკიერ წარსულთან, არც ერთ ამ პოლიტიკურ ცენტრს ელექტორალური ზრდის პოტენციალი არა აქვს. 
მათი ერთადერთი შანსია ორპოლუსიანობის შენარჩუნება და ამომრჩევლის ნეგატიურ, წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანის პირისპირ იძულებით ჩატოვება. 
ელექტორალური, მათ შორის  ნახტომისებური ზრდის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ისეთ პოლიტიკურ ცენტრს, რომელიც თანაბრად იქნება დაშორებული ორივე პოლუსისგან, შეიმუშავებს პოზიტიურ, მომავალზე ორიენტირებულ დღის წესრიგს და შეძლებს გარკვეული ძალის დემონსტრირებას.
განაცხადი უნდა იყოს მკვეთრი და ყველასთვის გასაგები - წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ არც წარსულთან(ნაცები) და არც აწმყოსთან(ქოცები). 
იქნებიან თანმიმდევრული და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანენ სისტემას, რომელზეც იდგა და დგას ქოციც და ნაციც, პირობითი  “კოლექტიურ მურუსიძის” სახით…“- წერს ხუხაშვილი.