სააკაშვილს დაძრომის მანევრი მოესპო და შესაბამისად იწყებს ისევ რეინტეგრაციას ქართულ პოლიტიკაში - ეს ფაფხურია, მეტი არაფერი - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ტრაგიკული პიროვნებაა პირდაპირ. ის ამ განცხადებას რატომაც აკეთებს გასაგებია, იხტიბარი არ უნდა გაიტეხოს. მას გარკვეულწილად აქედან დაძრომის მანევრი მოესპო და შესაბამისად ის იწყებს ისევ რეინტეგრაციას ქართულ პოლიტიკაში, ფაფხურს, ეს ფაფხურია, მეტი არაფერი არ არის. ის რეალურად ძალიან ცუდ ხასიათზეა, ალბათ, მაგრამ მხნეობის დემონსტრირებას ახდენს იმიტომ, რომ არ დარჩა სხვა მანევრი, რა უნდა ექნა, რა უნდა ეთქვა სხვა? ეს სიტყვებია მხოლოდ, რის უკანაც არაფერია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.