ჩემი სიტყვები გაავრცელეს ამოგლეჯილად. ვთქვი, რომ იქით მხარეს, ანუ რუსულ მხარეს, სეპარატისტულ მხარეს ჰყავდა ამდენი ტყვეები და ჩვენ არ გვყავდა იმიტომ, რომ ჩვენები ხვრეტდნენ. ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ხვრეტს და ქართული ჯარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, არ არის გასაკვირი, როდესაც ადამიანს მამას მოგიკლავენ, შვილს მოგიკლავენ, ბიძაშვილს მოგიკლავენ, ახლობელს მოგიკლავენ, მტერი არ დაინდო.

„ჩემი სიტყვები გაავრცელეს ამოგლეჯილად. ვთქვი, რომ ომის პირველ კვირებში, პირველ ხანებში, როდესაც ვიყავი ტყვეების გაცვლით დაკავებული, ამ პროცესის დასაწყისში აღმოვაჩინე, რომ ჩვენ არ გვყავდა ტყვეები. ვთქვი, რომ იქით მხარეს, ანუ რუსულ მხარეს, სეპარატისტულ მხარეს ჰყავდა ამდენი ტყვეები და ჩვენ არ გვყავდა, იმიტომ რომ ჩვენები ხვრეტდნენ. ეს სიტყვა ვთქვი, ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ხვრეტს და ქართული ჯარი. მტერთან სამტრო-სასიცოცხლო ბრძოლა გვქონდა და ჩვენებს არ აჰყავდათ ტყვეები. ეს ჩვეულებრივი ამბავია. იქაც ვთქვი, როდესაც ადამიანს მამას მოგიკლავენ, შვილს მოგიკლავენ, ბიძაშვილს მოგიკლავენ, ახლობელს მოგიკლავენ – არ არის გასაკვირი მათგან, არ დაინდოს მტერი. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არც ქართული ჯარის, რომელიც მაშინ რეალურად არ არსებობდა, ბრალია და მით უმეტეს – დანაშაული, ამას ვერავინ ვერსად წაგვიყენებს დანაშაულად. დადასტურებულია, რომ რუსეთის ფედერაციაა აგრესორი, რომ რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა ეთნიკური წმენდა და რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი იმ დანაშაულებზე, რაც ხდებოდა 1992-1993 წლებში აფხაზეთში“, – განაცხადა გია ბარამიძემ.