„ნაციონალური მოძრაობის“ 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომაზე არაფერი არალეგიტიმური არ იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კვორუმი რომ არ ყოფილიყო, სხდომა არც ჩატარდებოდა.

„ძალიან გამიკვირდა თინა ბოკუჩავას განცხადება. ამ სხდომაში არაფერი არალეგიტიმური არ იყო. კვორუმი რომ არ ყოფილიყო, სხდომა არც ჩატარდებოდა. იქ იყო უამრავი ადამიანი და დამსწრე, ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, ოქმს მიიღებს ყველა წევრი, როცა ეს ოქმი მზად იქნება თავისი ხელმოწერებით და ნახავენ, ვინ ესწრებოდა და არ ესწრებოდა. ანშლაგი ნამდვილად არ იყო, რადგან ბევრს არ ჰქონდა საშუალება, დასწრებოდა, თუმცა ვთვლი, რომ ქობულეთიდან ჩამოსვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. სხვადასხვა რეგიონიდან ასე ჩამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი. რატომ გააკეთა ეს განცხადებები, ვერ გეტყვით. ყველა შემთხვევაში, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ შეეძლო, პარტიას დაენიშნა ყრილობა. ამას არავითარი მანიპულაცია არ სჭირდებოდა. შეიძლება, თინას გარკვეული წყენები ჰქონდეს, რადგან ჩვენ იმ სტატუსს, რაც ახლა გვაქვს – პარტიის თავმჯდომარეს, დიდი ალბათობით, აღარ ავირჩევთ ამ ყრილობაზე, რადგან გვინდა, რომ აღარც თავმჯდომარე ავირჩიოთ ისეთი ფორმით, როგორითაც ახლაა, აღარც გენერალური მდივანი. გვინდა, იყოს მართველობითი საბჭო, რომელიც შეასრულებს ამ ფუნქციას“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

მისივე თქმით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, აუცილებელია, ერთი ადამიანი იყოს, რომელიც, ფორმალურად, პარტიის სახელით დოკუმენტებზე ხელს მოაწერს.

„ეს იქნება ტექნიკური ფუნქციის შემსრულებელი და არა იმ სტატუსით, რაც აქამდე გვქონდა. თინას სრული უფლება აქვს, ამ საკითხს არ დაეთანხმოს. ჩვენთან ხშირია, როცა ვიღაც რაღაცას არ ეთანხმება, ხან ერთმანეთს არ ვეთანხმებით, ხან მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმებით. პრობლემა, რომ ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ, არასოდეს ყოფილა „ნაციონალურ მოძრაობაში“. თინას ნაცვლად ვერ ვისაუბრებ და ვერ ვისპეკულირებ. ამ ეტაპზე პარტია მოწოდებულია, რომ უფრო კოლეგიალური იყოს და არ იყოს მხოლოდ თავმჯდომარეზე დამოკიდებული.

რაც შეეხება ნანუკას, ის ჯერ პარტიის წევრი არ არის. ამიტომ, ამ ყრილობასთან მას ვერ დავაკავშირებ. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მას აქვს სურვილი, ნანუკას და საზოგადოების სხვა წევრებს ჰკითხოს, როგორ წარმოუდგენია ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ენმ-ის რეფორმირების საკითხები, რომელიც ჩვენი სტრუქტურისგან გარეთ იქნება“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომას 130-დან მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა.