გაუგებარია, რატომ არ ესმის სალომე ზურაბიშვილს, როდესაც ლაპარაკია ფარსზე, რუსულ სპეცოპერაციაზე და მასში მონაწილეობა რომ არ უნდა მიიღო, იურიდიული და პოლიტიკური ენით ამას ბოიკოტი ჰქვია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ვერ გაუგია, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს დედაქალაქსა თუ რეგიონებში, პასიური ბოიკოტი არ არის, ეს არის მოღალატე, კრიმინალურ, რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობაზე უარის თქმა.
„მივესალმებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის ფარსს უწოდებს რუსულ სპეცოპერაციას. ამ მიმართულებით მივესალმებით ყველა ადამიანის სწორ შეფასებას, ეს იმდენად ცხადია, რომ ამას პოლიტიკოსობაც არ სჭირდება. მეორე ნაწილს რაც შეეხება, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ ესმის, რომ როდესაც ლაპარაკია ფარსზე და რუსულ სპეცოპერაციაზე, მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღო, იურიდიული და პოლიტიკური ენით ამას ბოიკოტი ჰქვია. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, მას ვერ გაუგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ეს, თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, რვა პარტიამ გააკეთა ამაზე განცხადება და იმავე პოზიციაზეა ძალიან ბევრი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, ცალკეული სამოქალაქო ჯგუფები, მოქალაქეები, მთლიანობაში ის საპროტესტო მოძრაობა, რაც მიმდინარეობს საქართველოს დედაქალაქსა თუ რეგიონებში პასიური ბოიკოტი არ არის, ეს არის მოღალატე, კრიმინალურ, რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, მასთან კოლაბორაციაში შეუსვლელობა და არა ძალადობრივი, მშვიდობიანი, მაგრამ აქტიური დაპირისპირება, მისი აქტიური მხილება“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად არის ჩართული რეჟიმის მხილების პროცესში.
„საზოგადოებასთან გვაქვს კომუნიკაცია, რომ გავააქტიუროთ საზოგადოების ის ნაწილი და, სამწუხაროდ, ასეთი საკმაოდ დიდია, რომელიც მთელი რიგი მიზეზების გამო არ და ვერ არის ჩართული ქვეყნის ბედის განმსაზღვრელ პროცესში. აქედან გამომდინარე, ბოიკოტი არის პირობითი სიტყვა, უფრო სწორი ტერმინი იქნებოდა – არაძალადობრივი, მშვიდობიანი წინააღმდეგობა მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ რეჟიმთან, მისი არაღიარება, მასთან კოლაბორაციაში შეუსვლელობა. ეს არის ჩვენი ბრძოლის შინაარსი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანაში შეიცვალოს ვითარება, ჩამოყალიბდეს ისეთი გარემო, როდესაც შესაძლებელი იქნება, დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია, შემდგომ ადგილობრივი არჩევნებიც ჩატარდება და ყველა ნორმალური, პატრიოტული და ამავდროულად პროდასავლური პარტია, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობაც“, მასში მონაწილეობას მიიღებს. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ სწორედ მშვიდობიანად, არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება“, – განაცხადა გია ბარამიძემ.









