უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა არ მოუწევს, რადგან ამას უკრაინა და მისი მოკავშირეები არ დაუშვებენ, - ამის შესახებ პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

„არ მოუწევს [ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა უკრაინას], რადგან ამას არ დაუშვებს არც უკრაინელი ხალხი, არც უკრაინის ჯარი, არც უკრაინის ხელისუფლება და არც ევროკავშირი და ნატო-ს წევრი სახელმწიფოები. [ევროკავშირს] არამარტო არ მოსწონს [28 პუნქტიანი გეგმის დეტალები], - მთელი ძალებით ეწინააღმდეგება არამარტო დიპლომატიურად. სწორედ ამ ფონზე გამოაცხადა გერმანიის კანცლერმა, რომ უკრაინას უგზავნიან შორს მსროლელ რაკეტებს. ახლა მიაწოდა და ეს არის სიგნალი. მხოლოდ ლაპარაკი კი არ არის, არამედ საქმით ეხმარებიან, სამხედრო ძალით ეხმარებიან.

როდესაც რუსეთი გიწყებს ომს, არჩევანი არ გაქვს კარგი - გაქვს ცუდი და იმაზე უარესი. ჩვენც ასე გვქონდა - ცუდი და იმაზე უარესი. ჩვენ ავირჩიეთ არა იმაზე უარესი, არამედ ცუდი, რადგან სხვა გზა და უფლება ჩვენ არ გვქონდა. აბა კონსტიტუცია, ჯარი, ხელისუფლება რისთვის არის? როცა მეზობელი სახელმწიფო დაგესხმება თავს, უნდა დაიცვა თავი იმით, რისი შესაძლებლობაც გაქვს და მერე, იქნებ, ვიღაცამ მოგისწროს, შეაჩეროს [მტრის] წინსვლა და შენი სახელმწიფოებრიობა დაიცვას. ასეც მოხდა. იგივე გააკეთა ზელენსკიმ და აკეთებს, - უბრალოდ, მადლობა ღმერთს, უკრაინა ბევრად უფრო ძლიერია, ბევრად უფრო დიდია, ბევრად მეტი შესაძლებლობები აქვს, უფრო მეტი დრო ჰქონდა დასავლეთს, რომ გამოფხიზლებულიყო, აზრზე მოსულიყო. უკვე უკრაინას, მათ შორის, აშშ-ის მხრიდან აქვს არამარტო პოლიტიკური, არამედ სამხედრო მხარდაჭერაც და რუსეთს აქვს არამარტო დიპლომატიური წნეხი, - "როსნეფტს" და "ლუკოილს" რომ დაუწესებ ისეთ სანქციებს, რომელიც დაუწესა აშშ-მა, ეს პატარა ამბავი არ არის, - იმიტომ შეფუცხუნდა პუტინი," - განაცხადა გია ბარამიძემ.