გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აღსრულების ნაწილში კომპეტენციების გამიჯვნის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრაში სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს), მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიანი ბაზისა და მისი მართვის შესახებ, რადგან კანონპროექტის უპირველესი მიზანი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლისა და კატის) მიკვლევადობის უზრუნველყოფაა.
ასევე განიხილეს კანონპროექტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს კომპეტენციები. საუბარი შეეხო ასევე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოცდილებას შინაური ბინადარი ცხოველების ზედამხედველობის კუთხით.