უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ეს არის სკოლებისა და ზოგადად, საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება. ვფიქრობ, იმ ადამიანებს, ვინც ეს დაგეგმეს არ აქვთ გააზრებული ის შედეგები რაც შეიძლება ამ პროცესმა გამოიწვიოს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ.

„ფაქტია, რომ სისტემურად და ორგანიზებულად ხდება შეტევა საჯარო სკოლებზე. მაგრამ, მიუხედავად მათი ძალიან დიდი ძალისხმევისა, შემიძლია ვთქვა, რომ საგანმანათლებლო სისტემამ გაუძლო ამ შეტევას. საქართველოში არსებულ 2 100 საჯარო სკოლიდან, სწავლა არც ერთს არ შეუწყვეტია. მადლობა ჩვენს მასწავლებლებს, მათი უდიდესი უმრავლესობა აგრძელებს სასწავლო პროცესს. მათ ძალიან კარგად გააცნობიერეს, რომ აღნიშნული პროცესი ხელყოფდა არა მხოლოდ რომელიმე მოქალაქის და ბავშვის ინტერესს, არამედ, ზოგადად საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

მისი თქმით, ის პოლიტიკური პოლარიზება, რაც აქამდე ქართველ პოლიტიკოსებს შორის იყო, მცდელობა არის, რომ გადავიდეს სასკოლო საზოგადოებაში.

„ეს იქნება მართლაც გამოუსწორებელი ზიანი ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ ჩვენ ამას დავუშვებთ. მე მოვუწოდებ ყველა სკოლას, მასწავლებელს და ყველა მოსწავლეს, რომ არ დაუშვან ამ პროცესში ჩართულობა. არ გახდნენ ისინი ბრმა იარაღი გარკვეული ძალების“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სტუდენტებმა აუდიტორიები, სკოლის მოსწავლეებმა კი საკლასო ოთახები დატოვეს და საპროტესტო აქციები გამართეს.