ფსიქოტროპული წამლების არამიზნობრივი გაცემა-დარღვევების გამო, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, 10 მედიკოსს პასუხისმგებლობა დააკისრა. ერთ ექიმს სერტიფიკატი გაუუქმდა, რვას - საქმიანობის უფლება 6 თვით შეეზღუდა, ერთმა კი გაფრთხილება მიიღო.
უწყების ინფორმაციით, ექიმები რეცეპტებს დიაგნოსტიკისა და კონსულტაციის გარეშე გასცემდნენ. ცალკეულ შემთხვევებში ექიმს შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა, ასევე მედიკამენტი გაიცემოდა დღიურთან შედარებით 2-ჯერ და 3-ჯერ დიდი დოზით. მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცა.
„მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, სამწუხაროდ, არაერთი ექიმის მხრიდან გამოვლინდა არასწორი პრაქტიკა ერთმნიშვნელოვნად, რაც ყურადღებას იმსახურებს და მეორეს მხრივ ვფიქრობთ, რომ არსებობს საფუძველი სათანადო პასუხისმგებლობის გატარებისთვის, ვინაიდან, ფაქტია, რომ ადგილი აქვს ძალიან სერიოზულ გადაცდომებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.









