„როგორ ფიქრობთ, ეს არ არის ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა? ხომ არ დადგა დრო, მოეკითხოთ მათ როგორც ეს ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც თავის თავს პატივს სცემენ და მიუთითებენ დიპლომატებს იყვნენ თავის ადგილას და გააკეთონ ის, რაც მათ ევალებთ“ - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ელჩების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შესახებ და მათ ბოლოდროინდელ გამოსვლებს დემარში და საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა უწოდა.დეპუტატმა ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის მინიჭების საკითხს და აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც ქვეყანას არანაირი სტატუსი არ აქვს მინიჭებული ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა ქვეყნის დამონების. თუმცა, ფრიდონ ინჯია დარწმუნებულია, რომ საქართველო ამ ზეწოლას ღირსეულად გაუძლებს.
„დღეს, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არანაირი სტატუსი არ გაქვს, როგორ უნდათ ჩვენი დამონება. წარმოგიდგენიათ, თქვენ თუ სტატუსი მოგვანიჭეს, როგორ გამოიყენებენ ამ სტატუსის მინიჭებას და როგორი ზეწოლა განხორციელდება ჩვენზე. მაგრამ ეს არაფერი. მოგვანიჭონ.
ჩვენ ამ ზეწოლას ღირსეულად გავუძლებთ. უფრო ზუსტად - ღირსეულად შევალთ, ან ღირსეულად არ შევალთ“. - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ, რომელსაც მიაჩნია, რომ ევროკავშირმა თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი საქართველო სურს მას სამხრეთ კავკასიაში.
„ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი საქართველო უნდა მას სამხრეთ კავკასიაში. როგორც იკვეთება, მათ ჩვენი ხელისუფლება ამ სახით აწუხებთ. ამ მიზეზით მათ შეუძლიათ სტატუსი არ მოგვანიჭონ, იმის იმედით, რომ საქართველოში იქნება სამოქალაქო ომი.
ეს უნდა ოპოზიციის ნაწილსაც, რადგანაც მათ მეტი არაფერი დარჩენიათ, რომ თავიანთ საწადელს მიაღწიონ, თუნდაც საქართველოს დანგრევით. მაგრამ იცოდეთ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა - ეს თქვენი მცდელობა ისევე ხუხულასავით დაგენგრევათ, როგორც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით თქვენი გეგმები დაგენგრათ. იმედია, ამ ყველაფერს გაითვალისწინებს ჩვენი მთავრობა და ღირსეულად დაიცავს საქართველოს ინტერესებს“. - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სურვილია იყოს ევროკავშირში, მაგრამ არა ქვეყნის იდენტობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე.
„ჩვენ გვინდა ევროკავშირში ვიყოთ არა ჩვენი იდენტობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე. ჩვენ ევროკავშირში საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ქვეყნის გამთლიანებისთვის გვინდა. ჩვენ არ გვინდა ევროკავშირში იმისთვის, რომ ომში ჩავერთოთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და მის დანგრევას ძალიან ცოტა რამ უნდა. გადავარჩინოთ საქართველო“. - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.