ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს, ქვეყანაში დისკრიმინაციისა და სიძულვილის დანაშაული დაამარცხოს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, – ამის შესახებ აღნიშნულია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, მინისტრთა კომიტეტმა კვარტალურ სხდომაზე მიიღო შუალედური რეზოლუცია საქმეთა ჯგუფში „იდენტობა და სხვები“ საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით.
„ეს საქმეები ეხება ხელისუფლების უუნარობას, უზრუნველყოს ჰომოფობიური ან რელიგიურ ნიადაგზე მოტივირებული თავდასხმებისგან ადეკვატური დაცვა. ისინი ასევე შეშფოთებულნი არიან ხელისუფლების უუნარობით, უზრუნველყონ ლგბტ ადამიანებისთვის შეკრების თავისუფლება და რელიგიურ უმცირესობათა თავისუფლება. ამ კვირაში გამართულ შეხვედრაზე მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს და დაასრულოს ყველა განახლებული გამოძიება და სასამართლო პროცესი ამ საქმეებზე, ევროპული სასამართლოს დასკვნების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრები ასევე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი გააუქმოს.
„კომიტეტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს მიერ „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების გამო და ხელისუფლებას მოუწოდა, გააუქმონ ეს კანონი. კომიტეტის თქმით, ეს წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს ამ გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით და აჩენს სერიოზულ კითხვებს საქართველოს მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების ვალდებულებასთან დაკავშირებით.
მინისტრთა კომიტეტმა მტკიცედ მოუწოდა ხელისუფლებას, უარი თქვას დისკრიმინაციულ ნარატივზე და ცალსახად ებრძოლოს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილის დანაშაულის ყველა ფორმას. გარდა ამისა, კომიტეტმა მტკიცედ მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყონ შეკრებისა და რელიგიის თავისუფლება ყველა პირისთვის, დისკრიმინაციის გარეშე, გაძლიერებული დაცვისა და პრევენციული ზომების მიღებით, ასევე სიძულვილით მოტივირებული ძალადობის მიმართ სისხლის სამართლის სისტემის მხრიდან მკაცრი რეაგირების გზით. მინისტრთა კომიტეტმა ხელისუფლებას სთხოვა ამ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება არაუგვიანეს 2025 წლის ივნისის ბოლომდე“, – აღნიშნულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრების განცხადებაში.
თარგმანი: პირველი არხი