ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს "ეროვნულ დონეზე განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას". ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებაშია ნათქვამი.
"კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად პატივი სცეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ევროპულ სტანდარტებს, გზა გაუხსნას თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს ეროვნულ დონეზე და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ადგილობრივ დონეზე და სამართლიანად მოეპყროს ყველა ქართველს, მათ შორის ადგილობრივ არჩეულ წარმომადგენლებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან კონგრესის ბიურო საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმისკენ მოუწოდებს.
"ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე საჯარო მოხელეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური მიზეზების გამო. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს. დემოკრატიული უფლებების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების გამოყენების საშუალება ყველას უნდა მიეცეს. ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში არაძალადობრივი მონაწილეობის გამო დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მათ შორის ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, როგორიც მზია ამაღლობელია, რომლის შესახებაც კონგრესი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს", - აღნიშნულია განცხადებაში.
კონგრესის ბიურო მიიჩნევს, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ პოზიცია უნდა შეიცვალოს და ოპოზიციასთან ღია და კონსტრუქციული დიალოგის მიმართ ერთგულება უნდა დაადასტუროს, რამაც გზა ახალ ეროვნულ არჩევნებს უნდა გაუხსნას"
"ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიასთან უნდა ითანამშრომლოს, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებების შესახებ კონგრესის მიერ მოთხოვნილ მოსაზრებასთან დაკავშირებით. შემდეგი ადგილობრივი არჩევნების ჩატარება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. არსებულ პირობებში მისი ჩატარება სიტუაციის გამწვავების რისკს ქმნის. ამიტომ, პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, ეს არჩევნები უნდა გადაიდოს", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, კონგრესის ბიუროს ცნობით, 2025 წლის 25-27 მარტს დაგეგმილ კონგრესის მომდევნო სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.