ვენეციის კომისია არის უმაღლესი სტანდარტების დამდგენი, ვიმედოვნებთ, კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულყოფილად იქნება შესრულებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ჩვენთვის ვენეციის კომისია არის უმაღლესი სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება სამართლებრივ გადაწყვეტილებებს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულყოფილად იქნება შესრულებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილი ასოცირების საბჭოს სხდომაზე, რომლის თანათავმჯდომარეები ქართული მხარიდან იქნებიან პრემიერ-მინისტრი და ევროპული მხარიდან – უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი და ევროკომისარი ვარჰეი. ასე რომ, საუბარი გრძელდება და ვიმედოვნებთ, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია სათანადოდ იქნება შესრულებული, რადგან ვენეციის კომისია არის უმაღლესი სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ასეთ საარჩევნო პროცესებს.

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესი იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ეს ცხრა ნაბიჯს შორის არის მეორე ნაბიჯი. მოხარული ვარ, რომ სწორედ გუშინ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მიემართა ეუთო/ოდირისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის განთავსების თხოვნით. ჩვენი წევრი ქვეყნები, რომლებიც ასევე არიან ეუთო-ს წევრები, ამას მხარს დაუჭერენ. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ევროკავშირი, საქართველოში ვქმნით სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ორგანიზაციას, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან არჩევნების მონიტორინგში. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები საქართველოში ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.