გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „მხარდაჭერა უკრაინაში მტკიცე მშვიდობისთვის“, რომელშიც მოუწოდებენ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობას.
რეზოლუციას მხარი 107-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 12, ხოლო თავი შეიკავა 51-მა.
წინააღმდეგ მისცეს ხმა ბელორუსმა, ბურკინა-ფასომ, ბურუნდიმ, ერიტრეამ, ირანმა, კუბამ, მალიმ, ნიგერმა, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სუდანმა და ჩრდილოეთ კორეამ.
სომხეთმა თავი შეიკავა, აზერბაიჯანს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ოთხი წელია მიმდინარეობს და მას დამანგრეველი და გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება ქვეყნისთვის, ასევე რეგიონული და გლობალური სტაბილურობისთვის.




