ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ევროკავშირ-საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობას რაც შეეხება, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ ფული, რომელსაც ჩვენ ვიხდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად. მას ჰქვია „ევროპის მშვიდობის ფონდი“. ასე რომ, ამ დროისთვის გაყინულია ის თანხა, 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვას ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯებიც. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეზღუდული იქნება.
ჩვენ შევეცდებით, ეს პირდაპირი მხარდაჭერა გადავიტანოთ საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ. ამის შესახებ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს გამართვის შემდეგ გახდა ცნობილი. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და ხელახლა იქნება მიმართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად. ნამდვილად ვწუხვარ, რომ ეს ახალი პოლიტიკა პირველად შეეხება ჩვენი მხარდაჭერას თავდაცვის სამინისტროს მიმართ და 30 მილიონს, რომლის გაცემასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად.
მოგეხსენებათ, ათჯერ მეტია ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებისადმი, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოების. მრავალი წელია, მხარს ვუჭერთ საქართველოს ყველა მთავრობას. ევროკავშირის მხარდაჭერის თითქმის ნახევარი არის საქართველოს მთავრობის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად შემცირდეს მთავრობისადმი ეს პირდაპირი მხარდაჭერა და შეიცვალოს მისი ფოკუსირება, ასევე მოხდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების მეტი მხარდაჭერა. როგორც ყველამ ვიცით, ისინი გამჭვირვალობის კანონის გამო საქართველოში დიდი წნეხის ქვეშ არიან“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
თარგმანი საქართველოს პირველი არხი.