ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მალტაში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებებს, ასევე აღინიშნა რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი.

დადებითი შეფასება მიეცა საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობას კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი ურთიერთობის მიმართულებით.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს