"ხალხის ძალის" წევრი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სპეკულაციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"ოპოზიციამ წაგების აღიარება უნდა ისწავლოს, თორემ მალე საკუთარი ამომრჩევლის ხმასაც დაკარგავს და თუ შინ არ ივარგებს, გარეთ "ნადირობაც" ხეირს ვერ მისცემს" - წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ტყუილის გარშემო ხალხის მობილიზება შეუძლებელია და ეს კარგად ესმის ოპოზიციასაც და მათ პატრონებსაც. მისი თქმით, 12 წელია რადიკალური ძალები ამბობენ არჩევნები გაგვიყალბესო, თუმცა ეს ტყუილია და სწორედ ამიტომ აპროტესტებენ ხალხის გარეშე.

 მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა "ფარულობა დაარღვია" და საკუთარი სურვილები ხმამაღლა გააჟღერა - პრეზიდენტობის ვადით გაგრძელება მოითხოვა.

"ტყუილის გარშემო ხალხის მობილიზება შეუძლებელია და ეს უნდა გაიგოს ოპოზიციამაც და მისმა პატრონებმაც.

12 წელია მუდმივად ყვირიან გაგვიყალბესო. თუ ეს მართლაც ასეა ე.ი “სიტყვაფანდურები" ყოფილან და ეს რომ ასე
არ არის, იმიტომ მიტინგობენ მუდმივად ხალხის გარეშე.

ოპოზიციამ წაგების აღიარება უნდა ისწავლოს, თორემ მალე საკუთარი ამომრჩევლის ხმასაც დაკარგავს და თუ შინ არ ივარგებს, გარეთ "ნადირობაც" ხეირს ვერ მისცემს. კისრიდან ბაწარს შეხსნიან და ირბენენ აღმა-დაღმა უპატრონოდ.

პრეზიდენტმაც "ფარულობა" დაარღვია და "გულის ზრახვები"გარეთ გამოფინა- პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის მიუხედავად, კიდევ მაპრეზიდენტეთო. ყველას
ყველაფერი უნდა,არადა ამის არც თავი აქვთ და არც "ბოლო".

ბრძენია საზოგადოება და მიუხედავად, ზოგჯერ ზედმეტი ხმაურისა, თუ ზედმეტი სიჩუმისა ყველას საკადრის შეფასებას აძლევს. დღეს ის ოპოზიციას, სრულიად დამსახურებულად, არ ენდობა,"- წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.