საპარლამენტო უმრავლესობის  წევრი დიმიტრი ხუნდაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პარლამენტში ადრე თუ გვიან შევა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი ეს მოლოდინი წარსულ გამოცდილებას ეფუძნება, როცა 2020 წლის არჩევნების დროს ოპოზიცია ჯერ უარს ამბობდა პარლამენტში შესვლაზე, მაგრამ მოგვიანებით გადაიფიქრა. 

„მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ არა სრული, პარლამენტში შემოვა. ეს არ არის მხოლოდ ჩემს განწყობებზე დაფუძნებული განაცხადი - ეს ფილმი ჩვენ ნანახი გვაქვს.  ჩვენ ვიხილეთ ოპოზიცია აკეთებდა განცხადებებს, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა (მაშინ პუფების თემა აწიეს). თუმცა, შემდეგ თავადვე მოუწია საკუთარ განცხადებაზე ფეხის დაბიჯება," -  განაცხადა დეპუტატმა.

გარდა ამისა, დიმიტრი ხუნდაძე დარწმუნებულია იმაშიც, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შეასრულებს ამომრჩევლის დაკვეთას და უზრუნველყოფს ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობას. 

„ოპოზიციის ლეგიტიმაცია ვახსენეთ -  ლეგიტიმაციას იძლევა ხალხი. საზოგადოებამ მმართველ გუნდს ეს მხარდაჭერა მისცა უკვე მერამდენედ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათგან მთავარი დავალება - ქვეყანაში მშვიდობის  და სიმშვიდის შენარჩუნება, შესრულდება ხელისუფლების მხრიდან. საზოგადოების და ქვეყნის უსაფრთხოება იქნება გარანტირებული", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.