პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე რადიკალური ოპოზიციის გეგმებს და ქმედებებს ეხმიანება.

“რადიკალური ოპოზიცია, რომლის უდიდესი ნაწილი ნაცმოძრაობაა, სახიფათოდ თამაშობს ახალგაზრდების ემოციებზე და "სამშობლოზე ზრუნვის" მოტივით, თავად ახალგაზრდებს აზიანებინებს საქართველოს ინტერესებს. ქუჩაში, გარდა აკერმანის გაკვეთილებზე "გადამზადებული" სტუდენტებისა რომლებიც მაქსიმალური აგრესიით გამოირჩევიან, არიან გულწრფელი, შეცდომაში შეყვანილი, ახალგაზრდებიც, ვინც ფიქრობენ, რომ სამშობლო მათი ხელით დასაცავია, თანაც მშობლების თაობისაგან.

ნაცმოძრაობა თაობათაშორის დაპირისპირებას, როგორც საზოგადოებაზე ბრძოლის იარაღს, იყენებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, როცა უფროსი თაობა "ჩარეცხილებად" გამოაცხადა და ამას იყენებს დღესაც, როცა ის ოპოზიციაშია. შვილების თაობაზე ზეწოლა, ბულინგი და ძებნაა გამოცხადებული, რომ ისინი საკუთარი მშობლების წინააღმდეგ აამხედრონ.

ქუჩაში დგამენ სანახაობრივ სცენებს, რომ ქვეყანა "მაედანიზაციამდე" მიიყვანონ, ეს კი ომის გზაა და ამით სწორედ შვილების თაობას ექმნება სასიცოცხლო საფრთხე. ეს რისკები რომ არ იქნა გათვალისწინებული უკრაინაში, სწორედ ამიტომ, იქ ახალგაზრდები სისხლის ღვრაში არიან ჩართული. აქ კი, ხელისუფლებამ რომ არ დაუშვა საქართველოს ომში ჩართვა, ჩვენს ახალგაზრდებს პროტესტის გამოხატვაც კონცერტზე დასწრებით უწევთ "პოლიტიკურ პროსპექტზე".

ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებიც სწორედ ამიტომ ვზრუნავთ და ვითმენთ ამდენს, რომ გავუფრთხილდეთ ქვეყანას და ყველაზე ძვირფას თაობას-ახალგაზრდებს.“- წერს ხუნდაძე.