„ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ საქართველო, როგორც მეორე სიმძიმე, ისე ჩამოყალიბებულიყო მეორე ფრონტის სახით. მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებას, მმართველ გუნდს და შემდეგ საზოგადოებას თავისი ჩართულობით, ეყო ჭკუა, რომ აერჩია მყარი პოზიცია - არ ჩართულიყო ომში,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ, როცა უკრაინაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
მისი თქმით, უახლოეს წარსულში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის მძიმე ინტერვენცია მოხდა, არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ იქ ომი არ დაწყებულიყო. შედეგად, სახეზეა რთული ვითარება ქვეყანაში და ამ რეალობის შეფასებისას სახეზეა გადაბრალების პოლიტიკა.
„ახლა გამოჩნდება არესტოვიჩი, პოდოლიაკი, დანილოვი, არახამია... გადაბრალებებიც ბევრი იქნება და აღიარებებიც. მეღიმება, არესტოვიჩი ბოლო ჟამს რასაც ამბობს და ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებებს ვაქვეყნებდით, სადღაც მისი მონაწილეობაც ხომ არ იყო. მაშინ სხვა სიმღერას მღეროდა და დღეს საუბრობენ იმ რისკებზე, რაზედაც ჩვენ ვწერდით. მაშინ, მიუღებელი იყო ეს ყველაფერი და რუსეთუმეობის იარლიყის მიწებება ხდებოდა ყველაზე და ყველაფერზე, მაგრამ ახლა თავად საუბრობდნენ. იმაზე, თუ როგორ წამოგვცდა, რომ დასავლეთი რუსეთთან ომს აგებდა, დღეს მაღალი თანამდებობის პირები საუბრობენ.
დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა ღიად განაცხადა, რომ ის არ მიაწვდის იარაღს უკრაინას. არესტოვიჩი ღიად საუბრობს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით შესაძლებელი იყო ეს სიმძიმე აეცილებინათ უკრაინისთვის, მაგრამ გარე ფაქტორების გათვალისწინებით (სხვათა შორის მაშინ ჩვენც გვახსოვს, რომ უკრაინამ სცადა მოლაპარაკებებში შესვლა), მათ ღიად მიანიშნეს, რომ არ იყო ომის დასასრულისკენ წასვლის დრო. ეს ყველაფერი გვახსოვს. სამწუხაროდ, ძალიან რთულად ვითარდება პროცესები. ცუდია, მძიმეა, მაგრამ რეალობაა, რომ მეორე პლანზე გადაინაცვლა უკრაინის სიმძიმის თემამ,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
მისი თქმით, იყო მცდელობა, რომ იგივე სიმძიმის მოვლენები საქართველოშიც განვითარებულიყო.
„თუ ჩვენ გავავლებთ პარალელებს და იმავეს გავაკეთებდით, რასაც გვთხოვდნენ, აქაც იგივე სიმძიმე იქნებოდა. საზოგადოება ამას სწორად აფასებს და იმიტომ არის ალბათ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო ომის პარტიის აქაურ წარმომადგენლებს ის ქუჩაში არ მიჰყვება და სწორსაც აკეთებს,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.