„რამდენიმე დღეა „ნაცმოძრაობა“ ამაყად საუბრობს ვარდების რევოლუციაზე და საზოგადოებას აყვედრის ამ წარსულს. 20 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ სისხლის ფერსა და სიბნელეს მაინც ვერ იცილებს“, - ამის შესახებ პარლამენტში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 11 წელია საქართველო წინსვლაზე ორიენტირებული ქვეყანა გახდა, ამიტომ სისხლიანი წარსულის მქონე „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ირგვლივ შემოკრებილ ოპოზიციასა და რეალურად ქვეყნისთვის მომუშავე სახელისუფლებო გუნდს შორის ხალხი არჩევანს მარტივად გააკეთებს.
„ეს დღე, 20 წლისთავი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პარტიული ზეიმით კი აღნიშნეს, მაგრამ საზეიმოდ რომ საქმე არა აქვთ, ეს გუშინ მათმა პარტიის თავმჯდომარემ და მიხეილ სააკაშვილის ფავორიტმა ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში ხელმოწერით დაადასტურა. სწორედ ეს იყო კლასიკური საბჭოური მენტალიტეტის დემონსტრირება. რაც მთავარია, ეს თარიღი არ ეზეიმება ხალხს, რომელთა მეხსიერებაში „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ასოცირდება: ქუჩაში გამოტანილ განაჩენებთან; ჩაცხრილულ ბიჭებთან; მოლაშვილების, გირგვლიანების, თეთრაძეებისა და სხვების წამებასთან; ვალერი გელაშვილისა და კობა დავითაშვილის სასიკვდილო ცემასთან; ორი გვამის მოთხოვნასთან, ბიზნესის ტერორთან და ქონების წართმევასთან; სიტყვის თავისუფლების ჩახშობასთან; მობილური ტელეფონების სწრაფად დაშლა-აწყობასთან [მასობრივი მოსმენების გამო]; „იმედის“ პირდაპირ ეთერში შევარდნასთან; ტერიტორიების დაკარგვასთან; ბრძოლის ველზე მიტოვებულ მეომრებთან; საკუთარ სამხედროებზე ომის გადაბრალებასთან. უბედურებების სია ძალიან გრძელია და გასახსენებლად ძალიან მძიმე.
მთავარი უბედურება კი ის არის, რომ ამის ჩამდენები დღეს ისევ ეპოტინებიან ქვეყნის მართვას და არათუ ნანობენ, არამედ, ზეიმობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ეს ცოდვები ეცოტავებათ და სურთ ამაზე მეტი. ამის დასტურია სააკაშვილის მიერ გამოცემული მანიფესტი, სადაც ადამიანის უფლებებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ქვეყნისა და საზოგადოებაზე ზრუნვას გვპირდება ადამიანის უფლებების დამრღვევი, თავისუფალი სიტყვის ჩამხშობი და ქვეყნის გამანადგურებელი „ნაციონალური მოძრაობა“. ვარდების რევოლუციის ავტორი მაწვნის ქილებთან ერთად კვეთს საზღვარს, რომ ქვეყანაში დესტრუქცია მოაწყოს. სააკაშვილის ბიძა კი, რომელიც ქართველთა ლანძღვით გამოირჩევა, ისევ ომზე საუბრობს. ამერიკაში ალასანიას სალექციო კურსი ომსა და რევოლუციებზე იმის დასტურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 20 წლის შემდეგაც იმავეს ფიქრობს და იმავეს გეგმავს, და თუ ეს ვინმეს მაინც არ სჯერა, ან უგუნურია, ან ცხელი ბომბების მომხრეა საქართველოში. რამდენჯერ და რამდენმა უნდა გვირჩიოს ომში ჩართვა. დანილოვი, არისტოვიჩი, პოდოლიაკი, არახამია და მათი უფროსი ძმები, ხან სანქციების მოთხოვნა, ხან მეომრების გაგზავნა, ხან რუსეთუმეობის დაბრალება. აკი, ისიც გვითხრეს, სააკაშვილია ომის დამწყები და არა - „ქართული ოცნებაო“.
მეგობრებო, როგორც 2008 წლის ომია გამოსაძიებელი, ისე საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიური მცდელობაა გამოსაძიებელი. ამიტომ, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ წარსულსაც და აწმყოსაც, რომელიც შესაძლოა მომავლის ხიფათი აღმოჩნდეს. მივხედოთ საკუთარ დროშას, რომ სხვისი ფეხებში არ გაგვებლანდოს და ღირსება კეკლუცში არ გავცვალოთ. უკეთესის ძიებაში თავი უარესში არ ამოვყოთ. ბოლო 11 წელია საქართველო წინსვლაზე ორიენტირებული ქვეყანა გახდა და ღრმად ვარ დარწმუნებული, სისხლიანი წარსულის მქონე „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ირგვლივ შემოკრებილ ოპოზიციასა და რეალურად ქვეყნისთვის მომუშავე სახელისუფლებო გუნდს შორის ხალხი არჩევანს მარტივად გააკეთებს. ასარჩევია მშვიდობა და განვითარება, ან - ომი და ნგრევა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.