„დეოლიგარქიზაციაზე თემა კომედიური ჟანრის ნაწილი გახდა ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც საზღვარგარეთიდანაც კარგად დაეხმარნენ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეულ ძალებს სურდათ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ბიძინა ივანიშვილზე მოერგოთ, თუმცა, საქართველოში ორი რეალური ოლიგარქია და ესენი არიან - დავით კეზერაშვილი და მამუკა ხაზარაძე, რომელთაც ამის შესახებ თავადვე აღიარეს.
„გახსოვთ ალბათ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომელიც, პრაქტიკულად, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის მოიგონეს, მაგრამ ეს კანონი როცა კეზერაშვილსაც მიადგა, უკრაინაში მოწონებული კანონის ანალოგი, რომელიც საქართველოში პირდაპირ იყო გადმოტანილი, დაიწუნეს და სამოქმედო გეგმით შეცვალეს.
მაგრამ, კანონიც არ გახდა საჭირო, როცა თვითაღიარებაზე წავიდა ორი რეალური ოლიგარქი - კეზერაშვილი, რომელმაც „ფორმულას“ ეთერით ამის შესახებ პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვასმენინა და ბატონი ხაზარაძე, რომელმაც ვეღარ დამალა, სიტყვა გაექცა და მანაც აღიარებითი ჩვენება მოგვცა, როცა განაცხადა, რომ „TV პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა მასზე ყოფილა დამოკიდებული, თუმცა, არ შეუცვლია, რითაც, როგორც ჩანს, ამაყობს. სწორედ ამიტომ არის ეს ყველაფერი კომედიური ჟანრის ნაწილი. ეს ორი ოლიგარქი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი, რომლებიც გარე ძალების დახმარებით, ოროსან პარტიებთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებაში შეიტანონ მოლოდინი, თითქოს კოალიციური მთავრობა დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში უფრო მომგებიანი იქნება. მაგრამ, თვითონვე ჩიხში შედიან, როცა ამბობენ, რომ მმართველ გუნდს დაამარცხებენ, თუმცა, იქვე საარჩევნო ბარიერის დაწევას ითხოვენ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.